Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი მიქაძე ლეგენდარულ ჯეკ დეჯონეტისთან ალბომს წერს

giorgi-miqadze123ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე თანამედროვე ხელოვნების ამომავალი ქართველი ვარსკვლავი გიორგი მიქაძე ნიუ-იორკის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში „Clubhouse Recording Studio“ წერს ალბომს გრემის მფლობელ, ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ლეგენდარულ დრამერ, პიანისტ და კომპოზიტორ ჯეკ დეჯონეტისთან ერთად.

ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედება მუსიკალური სამყაროსათვის კარგადაა ცნობილი ჯეკ დეჯონეტი ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა და ჯაზის ისტორიის საუკეთესო დრამერადაა აღიარებული. თავისი კარიერის მანძილზე იგი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჯონ კოლტრეინი, მაილს დევისი, თელონიუს მონკი, ბილ ევანსი, ბეტი კარტერი, ჯორჯ ბენსონი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო ზავინული, უეინ შორტერი, სონი როლინზი, ჩარლზ ლოიდი, ჯონ სკოფილდი, პეტ მეთენი და მრავალი სხვა, თუმცა მუსიკის ისტორიაში სრულიად გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა ჯეკ დეჯონეტის და ფენომენალური კიტ ჯარეტის 33-წლიანი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჯეკ დეჯონეტი თბილისის ჯაზ ფესტივალსაც სტუმრობდა და დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა ქართველ მსმენელს.

73 წლის ცოცხალი ლეგენდა, რომლის უშუალო მონაწილეობით იქმნებოდა თანამედროვე, რევოლუციური და ავანგარდული მუსიკალური მიმდინარეობები, დღესაც ისევ სიახლეების ძიებაშია და გიორგი მიქაძესთან, გიტარისტ დევიდ ფიუჟინსკისთან, ბასისტ მეთიუ გარისონთან და საქაფონისტ ფილიფ გელშლაუერთან ერთად ექსპერიმენტულ ალბომზე მუშაობს.

გიორგი მიქაძე სიურპრიზად ინახავს პროექტის ძირითად დეტალებს, თუმცა მისი თქმით, უდიდესი რანგის პროფესიონალ, ლეგენდარულ ჯეკ დეჯონეტისთან კოლაბორაცია ერთ-ერთ საეტაპო და მნიშვნელოვან პროექტზე, მისთვის დიდი გამოწვევაა.

ფენომენალური ჯეკ დეჯონეტი კი გიორგი მიქაძეს მოიაზრებს უდიდესი პოტენციალის მქონე პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსად, ამიტომაც უკვე მერამდენედ გამოთქვამს სურვილს გიორგისთან თანამშრომლობაზე.

ქართული კულტურის ელჩის, ბრწყინვალე ხელოვანის თქმით, თანამედროვე მუსიკის აღიარებულ დიდოსტატებთან ერთად მუშაობის პროცესი არის ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და ინტენსიური. ისინი ერთობლივად მუშაობენ მუსიკის ახალ კონცეფციაზე, რომელიც მიკროტონალური მუსიკის, თანამდროვე R&B-ს, world music-ის, ექსპერიმენტულ ინოვაციურ სინთეზს წარმოადგენს. სტუდიური სესიები „Clubhouse Recording Studio“-ში რამდენიმე დღეში დასრულდება.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გერმანიასა და შეერთებულ შტატებში 2017 წლის თებერვალშია დაგეგმილი. ხოლო ალბომი გაყიდვაში მარტის თვიდან გამოვა.