Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ტკივილი სუნთქვას მიკრავს”

23 ივლისი, 2016

gela-daiauri1– ტკივილი სუნთქვას მიკრავს… ვილევი და ვთავდები… – ეს სიტყვები მუცოში მცხოვრებ ცნობილ პოეტს გელა დაიაურს ეკუთვნის.

პოეტი თავიდანვე მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი შემოქმედება მკითხველმა შეიყვარა, მისი მეუღლის თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები კი მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

გელა დაიაურის ოჯახურმა ტრაგედიამ წლების წინ მთელი საქართველო შეძრა. ავტოკატასტროფაში მას მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და ორი მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა. მანქანაში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 7 გარდაიცვალა.

გელა დაიაური მისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტს უდიდესი ტკივილით იხსენებს:

“ექვსი წელი გავიდა, კუნწულიკო, რაც ფიზიკურად აღარ ხარ ჩემს გვერდზე…. მწარეა ჩემთვის წუთისოფელი… ვცდილობ, არ ვიფიქრო… ვცდილობ, გავექცე შენზე ფიქრს… გამახსენდები… გამახსენდებით და ტკივილი სუნთქვას მიკრავს.. ყოველ გახსენებაზე ახლიდან გკარგავთ…

ძლივს ამოვისუნთქავ ხოლმე და მეჩვენება სულს ვაყოლებ ამოსუნთქვას… ვილევი და ვთავდები… მარტო შენ და ჩვენი დემე და ჯარჯი არ დამაკლდით, ნათია დამაკლდა… შენი და და ჩემი “ნომერპირველი ცოლისძმა”… ბერდო დამაკლდა.. ჩემი ყველაზე დიიდი მეგობარი და სოფო… ჩემი ნათლული მამუკა… ჩემი ანგელოზების ტოლი… სხვას რომ გაეძლო, არ დავიჯერებდი და მე ვარ თვითონ ამ ჯოჯოხეთში… გზაკვალაბნეული და მარტო…

ვგრძნობდი, რომ ბედნიერი გავხდი შენით… კარგად ვგრძნობდი და ზუსტად ეს მტკივა… რომ არ მეგრძნო, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ეს ყველაფერი…

სხვანაირი იყოო… სხვანაირები ალბათ ჩვენ ვართ… შენ ადამიანური იყავი… როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი… სათნო, კეთილი, სუფთა… მხიარულიც და სევდიანიც…

უფალმა სასუფეველი დაგიმკვიროთ ჩემებო… მტკივიხართ, მახსოვხართ და მიყვარხართ…

თქვენი მე.“