Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაარსდეს რუსთაველის მუზეუმი!

1shotaსრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ახალი ინიციატივით გამოდის და რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ მუზეუმის დაარსებას ითხოვს.

დავით შემოქმედელი:

“რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ!

დაარსდეს მუზეუმი, სახელწოდებით, ,,საქართველოს – რუსთაველის სახლი”, დაწესდეს ,,რუსთაველის დღე“.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს!

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს!

შოთა რუსთაველი ქართული მხატვრულ-ესთეტიკური და ფილოსოფიური აზროვნების ყველაზე მაღალი სახელია. თუ ჰომეროსი არის საბერძნეთი, გოეთე – გერმანია, შექსპირი – ინგლისი, რუსთაველი არის საქართველო. მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ მსოფლიოს ეს ზღვარდაუდები გენიოსი თითქმის საუკუნე-ნახევრით უსწრებს ევროპულ რენესანსს. რუსთაველის სახელი არის საქართველოს სავიზიტო ბარათი დანარჩენ მსოფლიოსთან. ამდენად, დღემდე შეუწყნარებელია, რომ საქართველოში არ არსებობს ,,საქართველოს – რუსთაველის სახლი“.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაარსდეს მუზეუმი ,,საქართველოს – რუსთაველის სახლი“, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსთაველის, მისი თანადროული ეპოქის, ასევე, ქართული კულტურისა და ცივილიზაციის მთელი ისტორიის ამსახველი უმნიშვნელოვანესი მასალები.

,,საქართველოს – რუსთაველის სახლი’’ იქნება სწორედ ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი, დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, წარვდგებით დანარჩენი სამყაროს წინაშე.

ასევე შემოვდივართ წინადადებით, რომ რუსთაველის 850 წლის იუბილეს, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენასთან დაკავშირებით, დაწესდეს ,,რუსთაველის დღე“. აღნიშნული დღე, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული, აღინიშნოს გაზაფხულზე, ყოველი წლის 20 აპრილს. ამ დღეს მოეწყობა ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, რუსთაველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები და სხვა. ეს იქნება რუსთაველის, ზოგადად, პოეზიის დღე.

მსოფლიოს ყველა დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოში არსებობს უპირველესი გენიოსის მუზეუმი და დაწესებულია მისი სახელობის დღე.”