Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ათონი ათასწლოვანი” – გიორგი კალანდიას ახალი ფილმი

atoni1“ათონი ათასწლოვანი” – ასე ეწოდება ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ავტორიც გიორგი კალანდიაა.

ტელევიზია არტარეასა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი ტელეპროექტი მალე არტარეას ეთერში გავა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მუზეუმისა და ტელევიზიის შემოქმედებითმა ჯგუფმა ათონის წმინდა მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მოამზადა.

ფილმში შესულია ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალური კადრები. ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონსა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას.

გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ფილმში შესულია ძვირფასი ქართული ხელნაწერების და ნაქარგობების ისტორია. გადაღებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები, ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა.

გადამღები ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა, კარიესში კი ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა ენახათ. ფილმის მონტაჟი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. უნიკალური კადრების გარდა, ფილმში გამოყენებულია მუზეუმში დაცული საარქივო მასალები.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი კალანდიაა, ოპერატორი გიორგი გოგელაშვილი, მონტაჟის რეჟისორი სოსო ხარატიშვილი, ფილმის პროდუსერი და ექსპედიციის ინიციატორი კი სოფიო ხუნწარია.

შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, ფილმის ეთერში გასვლამდე მისი საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა.