27 ივლისი, 2016

საეჭვო მაქინაციები რუსთაველის თეატრში

1rustavelis-teatriშოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართა. უფლება-მოსილების შეწყვეტამდე კი თეატრში ფინანსური შემოწმების ჩატარება მოითხოვა.

“არტინფომ” მოიპოვა განცხადება, რომელიც ირინა ყიასაშვილმა მიხეილ გიორგაძეს მისწერა:

“მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის 1 თებერვალს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონ რობერტ სტურუას წარდგინების საფუძველზე დავინიშნე თეატრის დირექტორის თანამდებობაზე. იმავე დღეს გადმომეცა რობერტ სტურუას ბრძანება, რომელშიც განმარტებული იყო ჩემი უფლება-მოვალეობები. (იხ.დანართი N1).

თავიდანვე მიზნად დავისახე შემომეტანა თეატრის მუშაობაში (გარდა შემოქმედებითი ნაწილისა), თანამედროვე მეთოდები, რათა უფრო პროდუქტიულად გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება თეატრის საკეთილდღეოდ. დავიწყე მუშაობა დოკუმენტების, სამეურნეო და ფინანსური საკითხების გაცნობით. დავაპირე თეატრის პრობლემების მოწესრიგება, რომელიც უხვად დამხვდა.

შევეხები რამდენიმეს:

1. შესყიდვების პროცედურა – უარი ვთქვი მომეწერა ხელი ცარიელ ხელშეკრულებებზე (არ იყო მითითებული არც თარიღი, არც შესყიდვის საგანი, არც თანხა).

2. განათების აპარატურა – ჯერ კიდევ ჩემს დანიშვნამდე 2016 წლის დასაწყისში თეატრიდან უსაბუთოდ იყო გატანილი ძვირადღირებული განათების აპარატურა და გადაცემული სხვადასხვა თეატრში (მათ შორის არა საბიუჯეტოში). დავაწერინე თხოვნა კულტურის სამინისტროს სახელზე, რომ ამისთვის კანონიერი სახე მიმეცა. (წერილი N87. 15.03.2016. გადაცემული აპარატურის სრული ღირებულება შეადგენს 215 072 ლარს).

3. დარბაზების იჯარით გაცემა – გაქირავებას ერთპიროვნულად განაგებს გ. თევზაძე. არასოდეს არ ხსნის, რის საფუძველზე უკეთებს ფასდაკლებას ან გადასცემს სულაც უფასოდ ამა თუ იმ კომპანიას ან კერძო პირს თეატრის დარბაზებს.

4. შენობის ისტორიული ნაწილის, ყოფილი ლიტერატურული კაფე “ქიმერიონის” გაქირავება – წარმოდგენილი პროექტი გამოიწვევდა მის ფაქტიურ განადგურებას. მოლაპარაკება კომპანია “ოპტიმასთან” (ს/კ 405122031) თეატრის ფართის იჯარით გაცემაზე რესტორნისა და კაფეს ასამუშავებლად დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან. თავდაპირველად იგულისხმებოდა ლიტერატურული კაფე “ქიმერიონის” აღდგენა (ამის შესახებ რობერტ სტურუამ გამოაქყვენა სტატუსი თავის ფეისბუქ გვერდზე). კომპანია “ოპტიმას” პროექტის მიხედვით (რომელსაც კურირებდა გ. თევზაძე) “ქიმერიონის” ნაცვლად იგეგმებოდა საერთოდ განსხვავებული კონცეფციის ცენტრის მოწყობა, თეატრის გარდერობის ანულირება, საიჯარო ფართი არ იქნებოდა გამიჯნული თეატრის ძირითადი ნაწილისგან, რაც შეუქმნიდა პრობლემებს თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას. პირადად დავესწარი რამდენიმე მოლაპარაკებას, გამოვთქვი ჩემი აზრი და, საბედნიეროდ, პროექტის განხორციელება ამ სახით ჩაიაშალა.

თეატრის საქმიანობაში ჩემი აქტიური ჩართვის და არსებული ხარვეზების გამოსწორების მცდელობის შედეგად 15 მარტს მივიღე რობერტ სტურუას მინდობილობის ასლი: დირექტორ-განმკარგულებელს – გიორგი თევზაძეს გადაეცა სამხატვრო ხელმძღვანელის ყველა უფლება-მოსილება ერთი წლის ვადით, ვინაიდან ამ დროს თვითონ რობერტ სტურუა მოსკოვში იმყოფებოდა, ხელმოწერის ნაცვლად, მინდობილობაზე იყო ფაქსიმილე. (იხ.დანართი N2).

ამის შემდეგ მე ფაქტიურად ჩამომერთვა გადაწყვეტილების მიღების უფლება. ხდება ნებისმიერი ჩემი განკარგულების ანულირება. შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციას (პირადად ჩემს სახელზე შემოსულის ჩათვლით) რეზოლუციას ადებს გ. თევზაძე ჩემთან შეთანხმებისა და საქმის კურსში ჩაყენების გარეშე. ოფიციალური წერილები ყველანაირ საკითხწე, მათ შორის, დასაფინანსებელ პროექტებთან, აუქციონებთან და ტენდერებთან დაკავშირებით, თეატრიდან გადის მისივე ხელმოწერით. დაბლოკილი მაქვს ყველანაირი ინფორმაცია. ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს თეატრის ქონების არასწორი განკარგვა.

მაგალითად, ფართის იჯარით გადაცემა კაფეს მოსაწყობად:

2016 წლის მაისში გამოცხადდა ტენდერი კაფესთვის საჭირო ფართობის გაქირავებაზე (მისამართი: რუსთაველის გამზირი N17). სავარაუდო იჯარის ფასი იყო თვეში 5440 ლარი. მსურველები არ დაფიქსირდნენ,რის გამოც ტენდერი ჩაიშალა. ამჟამად გ. თევზაძე კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებას კომპანია “ოპტიმასთან” (ს/კ 405122031) კაფეს ფართობის პირდაპირი წესით გაქირავებაზე.

დამქირავებლის წინადადებაა: იჯარა 10 წლის ვადით (ნაცვლად ტენდერზე გამოცხადებული 7-სა), საიჯარო ქირა – შემოსავლის 8%, პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 3000 ლარისა; მეორე და შემდგომი წლების განმავლობაში არანაკლებ 1000 ლარისა და არაუმეტეს 5500 ლარისა.

გაუგებარია, რა მექანიზმით გააკონტროლებს თეატრი ამ კაფეს შემოსავალს.
ტენდერის პირობებში მითითებული იყო 5440 ლარი 70.9 კვ.მ-ზე. 1 კვ.მ-ის ფასი გამოდიოდა 76.72 ლარი. ჩნდება კითხვა – რამდენად ადეკვატურია კომპანია “ოპტიმას” მიერ შემოთავაზებული საფასური:

არანაკლებ 5000 ლარისა – 1 კვ.მ.-ის ფასი გამოდის 7.05 ლარი
არანაკლებ 1 000 ლარისა – 1 კვ.მ.-ის ფასი გამოდის 14.1 ლარი

5 თვის განმავლობაში ვცდილობდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით გამემიჯნა ჩემი და გ. თევზაძის ფუნქციები, რომ მიმეღო საშუალება შემესრულებინა ჩემი მოვალეობები. გარდა ამისა, მინდოდა მომეხსენებინა მისთვის თეატრში არსებული პრობლემებისა და დარღვევების შესახებ. მაგრამ არაერთგზის დანიშნული შეხვედრას მან თავი აარიდა. სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ბატონი რობერტ სტურუა დღემდე არ გამოდის პირად კონტაქტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ მაქვს შესაძლებლობა შევასრულო ჩემი კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ამიტომ აღარ მიმაჩნია მიზანშეწონილად დავიკავო თეატრის დირექტორის თანამდებობა.

გთხოვთ, გამათავისუფლოთ რუსთაველის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი უფლება-მოსილების შეწყვეტამდე ჩაატაროთ თეატრში ფინანსური შემოწმება, რადგან თანამდებობის დატოვების შემდეგ არ მაქვს არავითარი გარანტია, რომ არ შემექმნება რაიმე პრობლემა სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.”

danarti1

danarti2