20 ივლისი, 2016

პარხლის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

parxali1– მნიშვნელოვანი ახალი ამბავი პარხლიდან! – ასეთ განცხადებას ავრცელებს “კვლევის ცენტრი” ტაო კლარჯეთში მდებარე პარხლის მონასტრის შესახებ.

ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა ეკლესია, ხანძთა – ეს იმ ქართული ეკლესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელი აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები სჭირდება.

ტაო კლარჯეთში ჩასულ „კვლევის ცენტრის“ ექსპედიციას პარხლის მონასტერში მოულოდნელი სურათი დახვდა, მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძარი ხარაჩოებშია. რესტავრაციას ახორციელებს სტამბოლის ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია „გიურსოი გრუპი“ (Gürsoy Grup, İstanbul).

ამჟამად სამუშაოებს ხელმძღვანელობს რესტავრატორი რეშიდ შიკოღლუ, მასთან ერთად ამ ეტაპზე ჩართულია ოთხი რესტავრატორი. ჯამში სამუშაოს შეასრულებს ამ კომპანიის 30-მდე თანამშრომელი ან დროებით დაქირავებული პიროვნება. პარხლის მოსამზადებელი სამუშაოები ორი თვის წინ დაწყებულა, ადგილზე სამუშაოები კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.

რესტავრატორთა განმარტებით:

1. გაიწმინდება ტაძრის გარშემო არეალი ცოკოლის დონემდე (ამჟამად გათავისუფლებულია აღმოსავლეთ მხარე, ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც);

2. ტაძრის გვერდითა ნავების ამჟამინდელი ბეტონის გადახურვა შეიცვლება ლორფინებით;

3. ტაძრის შეთეთრებული ინტერიერი გაიწმინდება;

4. ტაძრის ჩრდილოეთის და სამხრეთის ამოშენებული კარების ღიობები გათავისუფლდება და სავარაუდოდ ხის კარებით ჩანაცვლდება;

5. ტაძრის ყველა ბეტონის ჩანართი ან შეკეთება მოიხსნება და ქვით შეიცვლება.
სავარაუდოდ, საშენ მასალად კირი იქნება გამოყენებული. სამუშაოები ორი წელი გასტანს და ტაძარი კვლავ მეჩეთად გამოიყენება.

ინფორმაცია სარესტავრაციო სამუშაოებზე მოგვაწოდა ადგილზე მომუშავე სარესტავრაციო სამუშაოების პასუხისმგებელმა პირმა რეშიდ შიკოღლუმ.

თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ რესტავრაციასთან დაკავშირებით გთხოვთ გაასაჯაროვოთ.

პ.ს. საშუალება მოგვეცა ხარაჩოზე ასვლის და სამხრეთ ფასადის წარწერების ახლოდან დაფიქსირების, ასევე ინტერიერში გამოვლინდა რამდენიმე უცნობი ნაკაწრი წარწერა.”