29 ივლისი, 2016

ნაპოლეონ პირველის ავეჯი განადგურებას გადაურჩა

napoleon1საქართველოს ხელოვნების სასახლისა და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ერთობლივი პროექტი წარმატებით დასრულდა!

ნაპოლეონ პირველის ფრანგული კაბინეტის ნაწილი, კერძოდ, ხისაგან დამზადებული ორი უნიკალური სეკრეტერი ზუგდიდის დადიანების სასახლეებში 1930 წლების შემდეგ არ გამოფენილა.

სწორედ ამ პერიოდის შემდეგ მათი მდგომარეობა სავალალო იყო. ეს ძვირფასი ავეჯი ნაპოლეონ მესამის ოჯახის წევრმა პრინცმა აშილ მიურატმა საფრანგეთიდან ჭკადუაშში ჩამოიტანა, აკაკი ჭანტურიამ კი ისინი რევოლუციის შემდეგ მუზეუმში გადაიტანა. ბევრი საბჭოთა ჩინოვნიკი უმზერდა და თავისთვის ჰქონდა მონიშნული ეს ავეჯი, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლებმა არასოდეს არ დათმეს ჩვენი ეროვნული საგანძური.

30-იანი წლებიდან დაიწყო ავეჯის ხის ნაწილის დესტრუქცია, მას გაუჩნდა ჭია, დაშლა დაიწყეს დეკორატიულმა ფიგურებმა. ექსპონატები ფონდში გადაიტანეს, 80-იან წლებში მათი აღდგენის მცდელობა იყო, თუმცა დაწყებული პროცესი დაუფინანსებლობის გამო, მალევე გაჩერდა.

2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას ინიციატივით და ამავე მუზეუმის დაფინანსებით ძვირფასი ექსპონატები თბილისში, ხელოვნების სასხლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიტანეს!

თითქმის ერთი წელი გაგრძელდა სარესტავრაციო პროცესი, თითქმის არ დაკარგულა არაფერი ისე აღდგა ეს უნიკალური ავეჯი, რომელიც ჯერ ნაპოლეონ პირველის, შემდეგ ნაპოლეონ მესამის და ბოლოს დადიანების საკუთრებაში იყო.

სარესტავრაციო პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩატარდა ნუგზარ სანიშვილის მონაწილეობით და სასახლის რესტავრატორების ზედამხედველობით. სპეციალისტები პარალელურად ონლაინ კონსულტაციებს ფრანგ, ირლანდიელ და ინგლისელ რესტავრატორებთან გადიოდნენ.

napoleon123