17 ივნისი, 2016

ვერა წიგნაძე გარდაიცვალა

vera691 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაავრცელა.

ვერა წიგნაძე ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. თავდაპირველად ბალერინა ახუნდოვის სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა, შემდეგ კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე ის ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი იყო. ვერა წიგნაძე იყო პირველი, ვინც შექმნა სრულიად ახალი და უნიკალური სახე ცნობილ საბალეტო სპექტაკლებში და ამისთვის სახელმწიფო პრემიითაც დაჯილდოვდა. მისი ცეკვა გამოირჩეოდა პოეტურობით, რომანტიკული მღელვარებით, დახვეწილი ოსტატობით. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომით, მოძრაობის სიმსუბუქითა და გამომსახველობით, კარგი სცენური გარეგნობით, რაც განსაზღვრავდა მის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში.

ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში „კოსმოსი-დედამიწა“ შეტანილ იქნა ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის ვარსკვლავები, რომელიც „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს მიენიჭა.

შარშან ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილე გრანდიოზული გალაკონცერტით აღინიშნა, რომელშიც მსოფლიოში მოღვაწე ცნობილმა მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა.

უხუცესი ბალერინა კულტურის მინისტრმა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.