7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი.
“არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები.
ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ქეთევან კორძახია:
“სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს სააუქციონო სახლში გაიმართება გაყიდვები “თანამედროვე აღმოსავლეთი”.
საუბარია ნონ-კონფორმისტულ ხელოვნებაზე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან (ადრე სოცბანაკი რომ ერქვა). ამ კონტექსტში საქართველოდან გამოიფინება (3-6 ივნისი) ორი ქართველი მხატვარი – ოთარ ჩხარტიშვილი და ავთო ვარაზი.
ამ კონტექსტს გარეთ გამოიფინება და გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის, გუდიაშვილის და მერაბ აბრამიშვილის სურათებიც. ყიდვა თუ გინდათ ვინმეს, დროზე დარეგისტრირდით Sotheby’s-ის ოფიციალურ გვერდზე.”
პ.ს. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე პირველად არ იყიდება. მისი “პიანინო” გასული წლის ბოლოს 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. რამდენიმე წლის წინ კი მისი ნახატი 17.500 ფუნტ სტერლინგად შეიძინეს.