14 ივნისი, 2016

“შველი წყლის პირას” ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

pirosmani-sotbize1ლონდონში, სოთბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ 629.000 ფუნტ სტერლინგად ნაყიდი ფიროსმანის “შველი წყლის პირას” ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.

ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა თავად გააკეთა:

“პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან, ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც.

საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.

ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფიროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში.”

ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების მუზეუმს გასულ წელსაც გადასცა ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი ”არსენალის მთა ღამით”, რომელიც კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა.