1 ივნისი, 2016

ქართული ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

rusudan-glurjidze1კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი მოხვდა.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია და ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.

წლევანდელი კინოფესტივალი 1-9 ივლისს ჩატარდება.

პროგრამაში East of the West რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” იქნება ნაჩვენები და მისი მსოფლიო პრემიერა სწორედ კარლოვი ვარში შედგება.

ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ.

ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.