ქართული ძეგლები ოქსფორდში კამათის საბაბი ხდება

dzeglebi-turqetshi1საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ოქსფორდის უნივერსიტეტთან კოორდინირებით, 17 და 18 ივნისს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკის ცენტრში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მემკვიდრეობის შესახებ.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მემკვიდრეობის ისტორიულ მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით არსებული დებატები ცხარე კამათის საგანია არა მხოლოდ თურქეთის სპეციალისტთა, არამედ კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ერებს შორისაც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ძალღონეს არ იშურებენ, რათა საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა კონფერენციებისა თუ გამოცემების მეშვეობით დააფიქსირონ და მსოფლიო სამცენიერო საზოგადოებას გაუღრმავონ აზრი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნების ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლები მათ ისტორიულ წარსულს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტერესების დაცვასა და მის პოპულარიზაციას საერთაშორისოდ აღიარებული, ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი სამეცნიერო ტრიბუნის – ოქსფორდის უნივერსიტეტის დახმარებითა და საშუალებით.

კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეულნი არიან როგორც თურქი, ასევე წამყვანი ქართველი სპეციალისტები.