8 ივნისი, 2016

”ნიჭიერთა ათწლედი” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

nichierta-atwledi1ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” გრანდიოზული კონცერტისათვის ემზადება.

უდიდესი ტრადიციების მქონე სასწავლებელი 11 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში წარმოადგენს “ნიჭიერთა ათწლედის” სოლისტების, კამერული ორკესტრისა და გუნდის კონცერტს.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს XX საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.

ტრადიციულად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედს” საინტერესო, აქტიური, მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა მთელი წლის განმავლობაში. სკოლამ სასწავლო წლის მანძილზე მსმენელს შესთავაზა 70-მდე ჟანრობრივად და თემატურად განსხვავებული არაერთი საღამო, რომელიც მოიცავდა სამუსიკო სკოლის ყველა განყოფილების საჩვენებელი კონცერტების სერიას – სოლო, საანსამბლო კამერულ, სიმფონიურ კონცერტებს – თბილისის სხვადასხვა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, თეატრალურ სივრცეებში, უნივერსიტეტების სააქტო დარბაზებში, საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ და სახალხო დღესასწაულებზე, არაერთ საქველმოქმედო აქციასა და კონცერტში.

აღინიშვნის ღირსია “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე, მათი უმრავლესობა გახდა გრანპრისა და პირველი პრემიის მფლობელი.

ამ საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების ციკლს უდიდესი ტრადიციების სკოლა აგვირგვინებს გრანდიოზული კონცერტით, რომელიც 11 ივნისს ჩატარდება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობითა და ინიციატივით. მაესტრომ თავად გამოთქვა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებთან თანამშრომლობის სურვილი და სრულიად უანგაროდ დაუთმო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრის დიდებული საკონცერტო დარბაზი.

“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეების თქმით ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალთან და შესანიშნავ მაესტროსთან თანამშრომლობა არის მათთვის უდიდესი სკოლა, გამოცდილება, დიდი მოტივაცია შემდგომი განვითარებისა და წინსვლისათვის. ამ ეტაპზე მაესტრო ვახტანგ კახიძე ინტენსიურად მუშაობს ორკესტრთან, გუნდთან, სოლისტებთან და ძალისხმევას არ იშურებს, რომ კონცერტმა ჩაიაროს მაღალ პროფესიულ დონეზე.

სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” ისტორიაში პირველად ტარდება ასეთი მასშტაბური კონცერტი, რომელშიც ორკესტრის, გუნდის ყველა წევრი და სამივე სოლისტი სკოლის მოსწავლეა. სოლისტები კი არიან სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს წარმატებული მოსწავლეები, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ანა ჭანია (ვიოლინო, პროფესორ კონსტანტინე ვარდელის კლასი), რეზი ხაინდრავა (ჩელო, პროფესორ თამარ გაბარაშვილის კლასი) და ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა, ასოცირებული პროფესორის მერი ჟვანიას კლასი).

საკონცერტო პროგრამაშია ვივალდის, ბახის, მოცარტის, კაჩინის, კლენგელის, ბრიტენისა და ბოროდინის ნაწარმოებები.

ორგანიზატორების თქმით, 11 ივნისის კონცერტი საინტერესო, მრავალფეროვანი, თბილი, საზეიმო და დაუვიწყარი იქნება და დიდ სიამოვნებას მიიღებს ნებისმიერი ასაკის და გემოვნების მსმენელი.

“ნიჭიერთა ათწლედის” კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 11 ივნისს, 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.