14 ივნისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერას გორში ითამაშებს

premiera-mozardshi-gori121 ივნისს, კომედიის ფესტივალის ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის პრემიერას ითამაშებს.

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მაყურებელს შესთავაზებს უილიამ შექსპირის კომედიას „აურზაური არაფრის გამო”, რომელსაც დიდი რეჟისორის და პედაგოგის ლილი იოსელიანის ხსოვნას მიუძღვნის.

რეჟისორი შექსპირის საყვარელ ხერხს მიმართავს: გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტებისთვის, „ითავისებენ სახეებს“, რასაც სპექტაკლში მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმა არსებული ინტრიგა შემოაქვს.

ორმოქმედებიანი კომედიის თარგმანი გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, მუსიკალური გმაფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია.

საპრემიერო სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან „მსახიობთა ძახილი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, დავით ხახიძე, თორნიკე ქინქლაძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, ნინო არჩაია, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ნინო მუმლაძე, სალომე წურწუმია და თამარ ტყემალაძე.

გაწეული დახმარებისთვის თეატრი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

გორში გამართული პრემიერის შემდეგ, 23 ივნისს სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ საგარეჯოში გათამაშდება, 2 ივლისს კი წარმოდგენას რუსთავი უმასპინძლებს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უილიამ შექსპირის კომედიის „აურზაური არაფრის გამო“ თბილისურ პრემიერას კი შემოდგომაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს.