19 ივნისი, 2016

ლამარა ჭყონიას თბილისის ოპერაში შესასვლელად კამბოჯელი ტურისტის საშვი გაუფორმეს

lamara-chkonia1გამოჩენილი ქართველი სოპრანო ლამარა ჭყონია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში. მის მიერ შესრულებული არიები დღემდე დაუვიწყარია კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის.

ლამარა ჭყონიას ძმისშვილი, დათო ჭყონია საამაყო მამიდასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც თბილისის ოპერის თეატრს შეეხება.

დათო ჭყონია:

“ამბავი მამიდას – ლამარა ჭყონიას ეხება. ა.წ. მაისის შუა რიცხვებში მამიდას მეუღლემ მორისმა უთხრა: ძალიან გაოცებული ვარ იმით, რომ შენ, რაც ოპერა გაიხსნა, რემონტის შემდეგ ერთხელაც არ მოგიგონეს და არ მიგიწვიეს რაიმე ღონისძიებაზე, ხომ ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებს თუ როგორი იერი მიიღო ოპერამ. მოდი, ეხლავე წავიდეთ, შევიდეთ და ვნახოთ.

ლამარას ძალიან მოეწონა ეს აზრი და დილის 12 საათზე უკვე ოპერის თანამშრომელთა შესასვლელში იყვნენ. იქ დაცვის 4 თუ 5 თანამშრომელი დახვდათ მათ. კითხვაზე თუ ვისთან მიდიოდნენ ისინი, მორისმა უპასუხა: ეს ქალბატონი ლამარა ჭყონიაა, ამ თეატრში 25 წელი მუშაობდა და ძალიან სურს განახლებულ თეატრს შეხედოსო, თან დაუმატა, ქალბატონი ლამარა საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახალხო არტისტია.

ამაზე დაცვამ უპასუხა, რომ მათ თეატრის ხელმძღვანელობისგან ნაბრძანები აქვთ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს აქ, თუ არ აქვთ წინასწარ დანიშნული დრო, არავინ არ შეუშვათ. ლამარამ ჰკითხა, თეატრის ხელმძღვანელებიდან ნუთუ არავინ არ არისო?! უპასუხეს, არა, ჯერ არავინ არ მოსულაო. მორისმა ჰკითხა, ყოფილი თეატრის დირექტორი ზურაბ ლომიძე, რომელიც ახლა სადადგმო ნაწილის გამგეა, ისიც არ მოსულაო? უპასუხეს: ის იყო და საქმეზე წავიდაო.

მაშინ ლამარას და მორისს გადაუწყვეტიათ იქვე სკამზე ჩამომჯდარიყვნენ, იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობი გაივლიდა თეატრში. ასე მათ ნახევარ საათზე მეტი იცადეს, სანამ არ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ლამარა იცნო. ეს აღმოჩნდა ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაკო ფაცურია. ამას მოჰყვა საშვის გაფორმება თითქოს ლამარა და მორისი კამბოჯიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.(!!!)

ქალბატონმა მაკომ დაათვალიერებინა თეატრის პირველი და მეორე სართული, ზევით ლამარა აღარ ავიდა. თქვა, რომ ის 85 წლისაა და ძალიან დაიღალა. თეატრიდან გამოსვლისას მორისს უთქვამს დაცვის თანამშრომლებისთვის, თეატრის დირექციას გადაეცით, იქნებ პატარა სია გააკეთონ, ვისაც დიდი ღვაწლი აქვს ამ თეატრის წინაშე და თქვენ დაგიტოვონ, რათა უპრობლემოდ შევიდნენ თეატრში.

როგორც ვიცით, დღემდე ასეთი სია არ არსებობს. იმას ვინც არ იცის ქალბატონი ლამარას ღვაწლი, მინდა გავაცნო პროფესორ ნოდარ ანდღულაძის სიტყვები, რომელიც გაზეთში “ქართული თეატრის დღე” 2001 წლის 14 იანვარს დაიბეჭდა:

“ლამარა ჭყონიას ყოფნა ქართულ და საერთაშორისო ხელოვნებაში ერთ-ერთი უბრწყინვალესი მომენტი და ეტაპია მომღერალთა ელიტის ისტორიაში, რაც ჩვენი ერის კულტურულ შენაძენად შეიძლება ჩაიწეროს საერთო საკაცობრიო კულტურაში.”

აქვე მინდა დავამატო, რომ იტალიაში ჯუზეპე ვერდის სახელობის საზოგადოებამ დააჯილდოვა ქალბატონი ლამარა პრემიით, რომელსაც ეწოდება “ოქროს გედი”. იქ წერია: ჯილდოვდება ლამარა ჭყონია პრემიით “ოქროს გედი” მსოფლიოში ბელკანტოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის. იტალია 2011 წელი.”