18 ივნისი, 2016

“გარკვეული ძალები ცდილობენ „იავნანას“ დისკრედიტაციას”

iavnana1– ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური „შავი პიარისთვის“ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაც უდედმამო და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და სტუდენტების თანადგომა გახლავთ, – ნათქვამია საქველმოქმედო ფონდის სპეციალურ განცხადებაში:

“ბოლო დროს, სოციალური ქსელების გამოყენებით, გარკვეული ძალები ცდილობენ ფონდ „იავნანას“ დისკრედიტაციას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ფონდის საქმიანობის შესახებ. რაც გარკვეულწილად პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ ფონდის მართვიდან გასვლის შესახებ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, იგი ასევე ყველა კანონის დაცვით გაემიჯნა ფონდის გამგეობას.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ არასოდეს ყოფილა კავშირში რაიმე ტიპის პოლიტიკურ მოძრაობასთან და არც მომავალში იქნება. ფონდი იმავე მისიითა და ფორმით განაგრძობს მუშაობას, რითაც 12 წლის წინ დაარსდა.

„იავნანას“ სოციალურ და კულტურულ პროექტებს კვალავ ის საორგანიზაციაო და შემოქმედებითი გუნდი ახორციელებს, ვინც ამდენი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების გადარჩენის იდეას.

ფონდმა 2004 წლიდან მოყოლებული, მთელ ქართულ საზოგადოებასთან, საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღიარებულ არტისტებთან ერთად, სოციალურად დაუცველი 114 ოჯახი დააბინავა, 875 სტუდენტს ნაწილობრივ დაუფინანსა სწავლების საფასური.

2008 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე, ყოველთვიური დახმარებას ურიცხავდა აგვისტოს ომის დროს დაობლებულ 133 ბავშვს. 7 წლის დიტო რაზმაძე, რომელსაც გორის დაბომბვის დროს დაეღუპა მშობლები დღემდე „იავნანას“ მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფონდის დღევანდელი მოღვაწეობა, კანონის სრული დაცვით არის გამიჯნული პაატა ბურჭულაძის, როგორც პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირის საქმიანობისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ მან „იავნანას“ პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მრავალი ადამიანის გაერთიანებით, ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეძლო.

პაატა ბურჭულაძეს კიდევ ერთხელ ვუხდით საჯარო მადლობას და მოგმართავთ თხოვნით, ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური „შავი პიარისთვის“ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაც უდედმამო და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და სტუდენტების თანადგომა გახლავთ.

აქვე გაცნობებთ, რომ 28 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „იავნანა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავს. პირველი არხის მაყურებელი ფონდთან დაკავშირებულ არაერთ სიახლეს შეიტყობს პირდაპირი ეთერის მსვლელობისას. კონცერტის მონაწილენი არიან: ჯგუფი „მგზავრები“ , საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველი და “Georgian Brass”.

შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ მურღულიების ცხრაშვილიან ოჯახსა და ფონდის შვილობილის, დიტო რაზმაძის „ჯონ კორლეტის“ უცხო ენების სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნიუ იორკის საზაფხულო სკოლაში სწავლების დაფინანსებას მოხმარდება.

დიდი მადლობა ფონდის ერთგულ მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც ერთი ზარი განუხორციელებია ჩვენს საქველმოქმედო ნომერზე ან ერთი თეთრი ჩაუგდია ფონდის ყულაბაში. „იავნანა“ სიკეთით გვაერთიანებს!”