12 ივნისი, 2016

დიდი ისტორიული შენაძენი ევროპულ აუქციონზე

uzvelesi-afisha1– დიდი ისტორიული შენაძენი ევროპულ აუქციონზე! – ასე უწოდებს მოვლენას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც 1854 წელს საქართველოში აბრეშუმზე დაბეჭდილ აფიშას უკავშირდება.

გიორგი კალანდია:

“XIX-XX საუკუნეებში ქართული თეატრის ისტორია ტრაგიკულად წარიმართა. 1914 წლის 25 სექტემბერს ცეცხლმა შთანთქა საქართველოს სათეატრო არქივი და, ამრიგად, ფერფლად აქცია ყველაფერი, რაც ქართულ სცენაზე 45-50 წლის მანძილზე დაიდგა…

ეს იყო მესამე ხანძარი… მანამდე, 1874 წლის ცეცხლმა გიორგი ერისთავის თეატრის წარსული დაღუპა. 1894 წელს დაიწვა ქუთაისის თეატრის შენობა და განადგურდა ყველაფერი 1885 წლიდან მოყოლებული.

საქართველოს ხელოვნების სასახლეში პირველი ქართული აფიშის ორიგინალი არ არის, მისი მხოლოდ ასლი ინახება, დედანი მოსკოვშია დაცული. ყველაზე ძველი საქართველოში გამოცემული აფიშა კი ჩვენს ფონდში 1879 წლით თარიღდება.

დღეს ეს დიდი თეთრი ლაქა შეივსო, ჩემმა დამ ეკა კალანდიამ, მამაჩემის, ბორის კალანდიას ფინანსური დახმარებით, ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე შეისყიდა და თბილისში ჩამოიტანა 1854 წელს საქართველოში, აბრეშუმზე დაბეჭდილი აფიშა.

ამ ეტაპზე ეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველაზე ძველი აფიშაა და ის გიორგი ერისთავის გაყრის აფიშის ბეჭდვიდან 3 წლის შემდეგაა გამოცემული. ჩვენი მუზეუმის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა და ვამაყობ რომ ამ საქმეში ჩემი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

მაშ ასე, დღეიდან საქართველოში დაცული ყველაზე ძველი თეატრალური აფიშა 1854 წლით თარიღდება. ეს ნამდვილად დიდი ამბავია, ეს საქმე გოგა ქართველიშვილისა და უშანგი რუხაძის გარეშე ვერ გამოვიდოდა, მადლობა მათ თანადგომისათვის!”