6 ივნისი, 2016

დავით დეფი: “ჯერ არაფერია დამთავრებული, მთავარი წინაა!”

defiiii1პოეტი და მწერალი დავით დეფი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ჯერ არაფერია დამთავრებული და მთავარი წინაა.

უმთავრესი, რაც ხელოვანისთვის მიუღებელია, ეს ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო გააქტიურებული რუსული სიმღერების და ტელეკომპანიების მიმართ ინტერესია.

დავით დეფი:

“ამას წინათ მაღაზიებში რაღაცას ვეძებდი. თბილისის დაახლოებით ათ მაღაზიაში შევედი. ათიდან ექვს თუ შვიდ მაღაზიაში მთელ ხმაზე რუსული ნაგავი ჰქონდათ ჩართული. ვისაც ტელევიზორი ედგა, მათთან ოერტეს ან ერტეერს აჩვენებდა და ზოგ მაღაზიაში საერთოდ მღეროდნენ რუსულ ნაგავს. სიცილ-კისკისით, ეშხით, დიდი სიხარულით მღეროდნენ. ერთი ეს გამოთიშე-მეთქი, ვუთხარი მოლარეს. ამომხედა და ჩაუწია, რა იყოო? კი არ ჩაუწიო, გამოთიშე-მეთქი. უფრო დაუწია, მაგრამ არ გამორთო. ეს სახელი და გვარი, გიგა ოთხოზორია რამეს გეუბნება-მეთქი? წამით დაფიქრდა და არაო, არაფერს მეუბნება, ვინააო.

გამაცია. ოდნავ დავიბენი კიდეც და ყელშიც სიმწარე ვიგრძენი. მასთან ახლოს მივიწიე და ხმადაბლა ვუთხარი: ვინაა და ის ვინც ამწამს კიდევ ერთხელ მოკალი-მეთქი.

რითი მოვკალი, რეებს მაბრალებო. გამორთო და ადგა. რითი მოკალი და შენი უტიფრობით, შენი უმეცრებით, შენი შეუგნებლობით, გამყიდველობით, უსინდისობით-მეთქი.

ვინც მაღაზიაში იდგა, ყველამ გამომხედა. ხმა არავის ამოუღია. მას კი გაეღიმა, თავი გააქნია და დინამიკებს ისევ აუწია. უფრო მეტად აუწია, ვიდრე მანამდე ჰქონდა.

იქიდან გამოსულს, ისევ ის სიმწარე მაწვებოდა და მარცხის შეგრძნებაც მახრჩობდა, სანამ მაღაზიიდან ერთი არ წამომეწია, სახელით მომართა და მითხრა, შეიძლება ხელი ჩამოგართვაო. მაღაზიიდან მეორეც გამოვიდა და იმანაც ხელი ჩამომართვა. მოვეშვი, ამოვისუნთქე და ორივეს ჩემდაუნებურად ვუთხარი: ჯერ არაფერია დამთავრებული, მთავრი წინაა-მეთქი. ჰო ეგრეა, მითხრა ერთ-ერთმა, მართალი ხარ მთავარი წინააო. სახეები უნათოდათ და თვალებში მიყურებდნენ.

სახლისკენ მიმავალს მთელი გზა მეღიმებოდა. მთელი გზა.”