23 ივნისი, 2016

“ქართული პური” – მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკში

qartuli-puri1ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი 25 ივნისს თავისი ფილმის “ქართული პური” პრემიერას გამართავს. სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, ფილმის ნახვა ემიგრანტებს ნიუ იორკში შეეძლებათ.

– გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან შორს არის გადახვეწილი, არ ღალატობს თავის ტრადიციებსა და პროფესიას. ის ნიუ იორკში, კერძოდ ბრუკლინში, ქართულ პურს აცხობს. საცხობის მეპატრონე, ახალგაზრდა ბიზნესმენი მაიკლი იძულებულია ქართული თონე სუშის რესტორნით ჩაანაცვლოს. აქ არა მარტო ორი თაობის ადამიანების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, არამედ ორი სხავდასხვა კულტურის და ტრადიციის. მიუხედაად იმისა, რომ გიორგი და მაიკლი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მაინც უყვართ და ესმით ერთმანეთის. ორივე პერსონაჟს კი მომავლის დიდი იმედი აქვს – ასეთია ფილმის სინოფსისი.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი:

– ჟურნალიტი, მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ვარ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე. თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებისთანავე აქტიური პოლიტიკური კორესპოდენტი გავხდი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ემიგრანტული ნოველების წერა და გამოქვეყნება დავიწყე. ერთხელ მეგობართან ერთად მანჰეტენზე ახლადგამოსული ფილმის “მულენ რუჟის” საყურებლად წავედი. სწორედ იქ მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია – გადავწყვიტე რეჟისორი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, “მულენ რუჟი” არ იყო კინოსთან ჩემი პირველი შეხება. პატარაობიდან დედას ყოველ შაბათს დავყავდით კინოთეატრში. ქართული თუ სხვა საბჭოთა ფილმები და მსახიობები ძირფესვიანად მქონდა შესწავლილი და “ილუზიონის” არც ერთ გადაცემას არ ვტოვებდი.

ნიუ იორკში ჩემი პირველი ფილმი “თუთიყუში”, ანუ პირველი მცდელობა ემიგრანტის ბედის აღწერისა, რეჟისორული განათლების გარეშე გადავიღე. მიუხედავად ამისა, ფილმი 8 საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა, მათ შორის თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზეც.

ამის შემდეგ ჩავაბარე ნიუ იორკის სიტი უნივერსიტეტში და დავამთავრე სარეჟისორო ფაკულტეტი. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი “ნანა” ოთხ ნომინაციაზე წარადგინეს.

keti-orjo1

აგრეთვე ორგანიზაციამ “ქალები ნიუ იორკის ფილმისა და ტელევიზიისათვის” მომანიჭა “დამწყები რეჟისორი ქალის” ჯილდო, ხოლო კანადის საერთაშორისო ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალზე ფილმი “ნანას” გადაღებისთვის სამეფო ჯილდო მომენიჭა. “ნანა” ბერლინალეზეც იყო მიწვეული.

– რამდენი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ?

– 1998 წელს უშუქობით და სიცივით გადაღლილი ერთი წლით ჩამოვედი, მაგრამ როგორც მრავალი სხვა, მეც ემიგრანტად გადავიქეცი. მალე გავთხოვდი. ჩემი მეუღლის ოჯახი ძირძველი ირლანიური წარმოშობის ამერიკელები არიან. რა თქმა უნდა, ყოველ წელს დავდივარ საქართველოში. ჯერ მარტო დავდიოდი, შემდეგ ნათია შემეძინა და ეხლა ორივენი დავდივართ.

– კარგად გიცნობთ ქართველი მაყურებელი?

– პირველად ემიგრანტებმა ფილმით “თუთიყუში” გამიცნეს. იმ დროს პომპეზურად ვაკეთებდი ყველაფერს. პრემიერა მანჰეტენზე მოვაწყე დიდ დარბაზში. მადლიერებით ვიხსენებ იმ პირველ პრემიერას, როცა უცნობი და დამწყები რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმის საყურებლად 200-ზე მეტი მაყურებელი მოვიდა.

ნიუ იორკში ის ემიგრანტები მიცნობენ, ვინც კულტურის განხრით აქტიურობენ. მაგრამ ეხლა რადგან ორი ახალი ფილმი მაქვს, “ნანა” და “ქართული პური”, სურვილი მაქვს მეტ თანამემამულეს შევხვდე. ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მიწვევას ნებისმიერი ემიგრანტული დაჯგუფებიდან ან ქვეყნიდან.

მიწვევას როცა ვამბობ, ვუგლისხმობ გამოხმაურებას და არა ვიზას, რადგან დიდი ხანია ამერიკის მოქალაქე ვარ. უკვე დაიგეგმა, რომ ოქტომბერში ტორონტოს ვესტუმრებით, ასევე იგეგმება მიუნჰენი.

– რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მაყურებლისთვის?

– ჩემი მთავარი მიზანია ამერიკელმა მაყურებელმა საქართველო და ქართველები გაიცნოს. მე კარგად ვიცნობ ამერიკელი მასის ფსიქოლოგიას. ისინი უყურებენ მხოლოდ ამერიკულ ფილმებს და უსმენენ ინგლისურ სიმღერებს. ამის გამო ამერიკულ გარემოში ქართველი პერსონაჟი შემომყავს და ამ გზით ვაძლევ ცოტ-ცოტა ინფორმაციას საქართველოს და ქართველების შესახებ. თანაც ამ ეტაპზე დადებით პერსონაჟებზე ვმუშაობ.

keti-orj1

თანამედროვე მსოფლიომ ეხლა დაგვიწყო როგორც ერის გაცნობა და მინდა ღირსეულად წარვდგეთ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავს. მარტინ სკორსეზიმ ნიუ იორკში თავის სარეჟისორო კარიერა მაფიოზი იტალიელების აღწერით დაიწყო. ჩემი მოვალეობა კი სულ სხვაა. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი 100 კაციდან 99-მა არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ. ვფიქრობ, რომ ჩემს გადაწყვეტას სოცარი ეფექტი აქვს ამერიკელ მაყურებელში. ისინი ემოციებით უყურებენ ჩემს ფილმებს და ამას ხმამაღალი შეძახილებით გამოხატავენ.

ქართველებისთვის კი ჩემი ფილმები თანამედროვე ისტორიაა, რა თქმა უნდა, სევდიანია, მაგრამ იუმორი ყოველთვის ახლავს. იმედია ჩვენი ემიგრაციის უმრავლესობა დაუბრუნდება სამშობლოს და ჩემი ფილმებით გაიხსენებენ ემიგრაციაში გატარებულ წლებს. ხოლო საქართველოში მცხოვრბი მაყურებელი კი უბრალოდ გაიგებს თუ რა არის ემიგრაცია.
ძირითადად კი ჩემი ფილმები პატრიოტულ თემებზეა აგებული, ოჯახის, სამშობლოს და ტრადიციების სიყვარულზეა.

– როგორ არჩევთ მსახიობებს? სპონტანურად თუ წინასწარ იცით, ვის რა როლი მისცეთ?

– სპონტანურად არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი ფიქრის და განსჯის საგანია. თვით ჩემი პირველი ფილმის “თუთიყუში” ყოველი სცენა წინასწარ მქონდა დახატული.

ფილმი “ნანა” სპეციალურად ცუცა კაპანაძისთვის დავწერე. დანარჩენი მსახიობებისთვის აუდიცია ანუ შერჩევა მოვაწყვე. 10 და მეტი მსახიობიც გამისინჯავს ერთი როლისთვის.

Nana Trailer1 from Katie Orjonikidze-Casey on Vimeo.

რაც შეეხება ფილმის “ქართული პური” ბედი მართლაც საოცარი იყო. ეს იყო ჩვეულებრივი დავალება, რომელიც იმპროვიზაციაზე ავაგე ახალგაზრდა მსახიობებთან მაიკლ ველოსტრიგოსა და გიორგი ფოცხვერიათან ერთად.

ფილმის შინაარსი ასეთია – ბრუკლინში ქართველ მეპურეს ბოსი ათავისუფლებს სამსახურიდან. მან ქართული საცხობის ნაცვლად სუშის რესტორანი უნდა გახსნას, რომ მეტი მოგება ნახოს. ამ ჩანახატით ჩემი პროფესორი მოიხიბლა, რადგან მთელი სიუჟეტი სიტყვა-პასუხზე მქონდა აგებული. ქართული პურის ისტორიითაც დაინტერესდა და მთხოვა, რომ ახლიდან გადამეღო.

keti-o1

სცენარმა მოითხოვა, რომ ქართველი მეპურე უფროსი ასაკის ყოფილიყო, რათა მაყურებელს მეტი სიმპათია გასჩენოდა. გამახსენდა ბატონი კახი კავსაძე, ის ხომ ბუმბერაზობის მიუხედავად თავმდაბალი ადამიანია. ვიცოდი რომ წლების წინ ნიუ იოკში უკრაინელი გოგონას სადიპლომო ფილმში ითამაშა. პირდაპირ დავურეკე და როლი შევთავაზე – ბატონი კახი არც კი დაფიქრებულა ისე მიპასუხა – ვიღაც უკრაინელს დავეხმარე და შენ როგორ არ დაგეხმარებიო.

– ამბობენ, რომ რეჟისორობა ქალის პროფესია არ არის. ეთანხმებით?

– თუ ადამიანს სუსტი ნერვები აქვს, ნებისყოფა ღალატობს, გაუბედავია და ზარმაცი, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი, რეჟისორობა მისი საქმე არ არის. თან დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არის, რომ ყველა ფილმი მთავრობამ დააფინანსოს.

keti-or1

ამერიკაში ძალიან ბევრი დამოუკიდებელი რეჟისორია, მათ შორის მეც, ხოლო ფილმი ერთობლივი სამუშაოა. ამიტომ დამოუკიდებელი რეჟისორების ფილმები ძირითადად ურთიერთობებზეა აგებული. შეიძლება კარგი დამფინანსებელი იშოვო, მაგრამ გადასაღებ მოედანზე საშინელება ტრიალებდეს, შეიძლება მცირე ბიუჯეტი გქონდეს და ფილმის გადაღებამ სასიამოვნოდ ჩაიაროს. სახლი სადაც ჩემი ფილმი “ნანა” გადავიღეთ, ნებისმიერ ჰოლივუდის პროდუქციას დაამშევებდა, მაგრამ მე ეს სახლი უანგაროდ დამითმო ერთმა მდიდარმა და კეთილმა ამერიკელმა.

– “ქართული პური” თქვენს მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა ნიუ იორკშია დაგეგმილი ემიგრანტებისთვის, როგორია მოლოდინი?

– მიხარია რომ ნიუ იორკის ქართველი მაყურებელი იქნება ფილმის “ქართული პური” პირველი შემფასებელი. ისინი ამ ფილმის დამთავრებას ჩემთან ერთად 3 წელი ელოდებოდნენ. ეს ის მაყურებელია, რომელიც ყოველთვის გვედში მიდგას, სჯერა ჩემი და მენდობა. მოგეხსენებათ ფილმის გადაღება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თავის დროზე, როგორც “ნანას”, ასევე “ქართული პურის” უკვე გადაღებული მასალა მივაწოდე როგორც დიასპორის, ასევე კულტურის სამინისტროს. ჩემი თხოვნა იყო რომ “პოსთ პროდუქციის” ეტაპზე ცოტათი მაინც დახმარებოდნენ ამ პროექტებს. მაგრამ ორივე სამინისტროდან უარი მივიღე. ამიტომ თუ ვინმესგან დახმარება მიმიღია, ისევ ჩვენი ემიგრაციაა. ჩევნი გმირი ქალები, რომლებიც ოჯახებს ინახავენ საქართველოში, იმასაც ახერხებენ რომ შემოწირულობა ხელოვნებისთვის გაიღონ. გინდაც ეს დახმარება პროდუქციაზე დახარჯული ბიუჯეტის 2% წარმოადგენდეს საერთო ჯამში, მე ძალიან დიდ ძალას და ენერგიას მაძლევს.

– რა სიახლეებს ველოდოთ თქვენგან უახლოეს მომავალში?

– სურვილი მაქვს გადავიღო ფილმი “დაბრუნება” ჩემი ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, რომლითაც ფილმები “ნანა” და “ქართული პური” ტრილოგიად შეიკვრება და ლოგიკური დასასრული იქნება, რადგან მთავარი გმირი საქართველოში ბრუნდება. მოხარული ვიქნები თუ სპონსორი გამოგვიჩნდება და ამ გზით პროცესები დაჩქარდება და ამით მოვასწრებ ჩემს ფილმებში უფრო მეტი არაჩვეულებრივი ქართველი და ამერიკელი მსახიობების დაკავებას.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვქმნი პირველ სრულმეტრაჟიან სცენარს, რომელზე მუშაობაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.