29 ივნისი, 2016

ქართველი ბას-ბარიტონის წარმატება იტალიაში

akaki-ioselianiქართველი საოპერო მომღერალი, ბას-ბარიტონი აკაკი იოსელიანი 3 წელია იტალიაშია. შემოქმედებით გზაზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ახლა რომში იმყოფება და ჯოაკინო როსინის ოპერაში “სევილიელი დალაქი” ბაზილიოს პარტიის შესასრულებლად ემზადება. ამ პარტიით შედგება ქართველი საოპერო მომღერლის დებიუტი ლეგენდარულ და მისთვის საოცნებო რომის თეატრში.

აკაკი იოსელიანი:

– საოპერო მომღერალი, ბას-ბარიტონი გახლავართ. დავიბადე ქუთაისში, დავამთავრე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორის ელდარ გეწაძის კლასი. ვიყავი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ვარ საერთაშორისო კონკურსის ლაურეტი. შემდგომ სწავლა განვაგრძე და ჩავაბარე იტალიაში, ოზიმოს საოპერო ხელოვნების აკადემიაში, რომელიც ასევე წარმატებით დავამთავრე. ახლა ვეწევი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ევროპაში, როგორც სპექტაკლებით, ასევე საკონცერტო რეპერტუარით….

– ვისი ან რისი “ბრალია”, თქვენ რომ საოპერო სფეროში ხართ?

– ვმღეროდი ბაშვობიდან და ყოველთვის მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. თავიდან საოპერო მომღერლობაზე არ ვფიქრობდი, რომ არა ერთი შემთხვევა, როდესაც მომისმინა ქალბატონმა გულიკო კარიაულმა და ამის შემდეგ მიმიყვანა ჩვენს უდიდეს მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან. ასე დაიწყო ჩემი საოპერო გზა ამ საოცარ სამყაროში.

– გიცნობთ ქართველი მსმენელი?

– რა თქმა უნდა. საქართველოში ყოფნის და სტუდენტობის პერიოდში ვეწეოდი აქტურ შემოქმედებით მოღვაწეობას. საოპერო სტუდიის არაერთ საოპერო და საპრემიერო დადგმაში ვმღეროდი მთავარ პარტიებს: სერგეი რახმანინოვის ოპერაში “ალეკო” მოხუცი ბოშა, გაეტანო დონიცეტის “სიყვარულის ნექტარში” დულკამარა (პრემიერა), ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის “ფიგაროს ქორწინებაში” ბარტოლო, პეტრე ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინში” ზარეცკი და ა.შ.

ქუთაისის ოპერის სცენაზე შევასრულე ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში “დაისი” ცანგალას პარტია, ჯუზეპე ვერდის “ტრავიატაში” ექიმის პარტია, ასევე გახლდით ქუთაისის ოპერის თეატრთან ერთად გასტროლზე ესტონეთში “საარემას საოპერო ფესტივალზე”, სადაც წარმოვადგინეთ ჯაკომო პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი”, სადაც კომისარის პარტია ვიმღერე.

ასევე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას საქველმოქმედო საღამოებში. გასული წლის ოქტომბერში ჩემი ინიციატივით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩავატარეთ გრანდიოზული საქველმიქმედო კონცერტი და საკმაო თანხით დავეხმარეთ ორ უნარშეზღუდულ ბავშვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ კონცერტის ყველა მონაწილეს და ვინც გვერდში დაგვიდგა, ყველა იმ ადამიანს. ჩვენ ეს შევძელით! ვაპირებ, რომ კვლავაც გავაგრძელო ამ კუთხით მუშაობა.

– გაიხსენეთ თქვენი პირველი ყველაზე დიდი წარმატება, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თქვენს კარიერულ წინსვლაში.

– რა თქმა უნდა, ეს იყო, როდესაც მოვხვდი იტალიის ოზიმოს საოპერო აკადემიაში. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა და გზა გამიხსნა უფრო ახლოს ვყოფილიყავი ევროპულ საოპერო ხელოვნებასთან და თეატრებთან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლის წინსვლისათვის.

akaki1

– რა დატვირთვა აქვს თქვენთვის პარტნიორს?

– ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი სცენაზე. როცა კარგი პარტნიორი გყავს, ერთმანეთს თვალებითაც უგებთ და შენც უფრო თავისუფალი ხარ ყველანაირად, ახდენ შენი თავის და სცენის სრულ რეალიზაციას და სპექტაკლიც შესაბამისი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ კარგ პარტნიორთან მომიწია მუშაობა და, იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

– გაქვთ საოცნებო პარტია, რომლის შესრულებაც ყველაზე მეტად გსურთ?

– ჩემთვის ყველა როლი გამორჩეულია და ყველა როლს ერთნაირი შემართებით ვუდგები. მქონდა ორი როლი, რომლის შესრულებაც ძალიან მინდოდა, ისინი ვიმღერე და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ჟორჟ ბიზეს ოპერაში “კარმენი” ესკამილიოს პარტია და შარლ გუნოს ოპერაში “ფაუსტი” მეფისტოფელის პარტია. ორივე ოზიმოს საოპერო თეატრში ვიმღერე. თუმცა არსებობს მაინც ერთი განსაკუთრებული როლი, ალბათ მომავალში ვიმღერებ. ეს არის მეფე ფილიპის როლი ჯუზეპე ვერდის ოპერაში “დონ კარლოსი”.

– აკაკი, რამ განაპირობა თქვენი საქართველოდან წასვლა?

– მინდოდა მეტი მესწავლა და მენახა. იტალია ოპერის სამშობლოა და აქ მოხვედრა და შენი გზის გაკვალვა ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, იტალიაში ძალიან იზრდები შემოქმედებითად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლის დიდი წარმატებებისათვის. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მე ეს შევძელი, რაც საწინდარია ჩემი კიდევ უკეთესი მომავლისათვის.

akaki2

– დიდი ხანია იტალიაში მოღვაწეობთ?

– იტალიაში ვარ უკვე 3 წელია.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– მაქსიმუმი ალბათ არ არსებობს ჩვენ ურთულეს პროფესიაში. მინდა, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო და დიდ სიმაღლეებს მივაღწიო. ამისთვის არაფერს ვზოგავ. დანარჩენი უფლის ხელშია ყველაფერი.

akaki4

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– აუცილებლად. ჩემთვის ჩემი ქვეყანა და მსმენელი ყველაფერია და უდიდესი სიამოვნება, პატივი და პასუხისმგებლობაა საქართველოში სიმღერა. მინდა, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას გავუზიარო და გვერდში ვედგე ჩემი საქმით. ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

– და ბოლოს, გვიამბეთ იმ პრემიერებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში გელოდებათ.

– რაც შეეხება პრემიერებს, ახლა ვიმყოფები რომში და ვემზადები ჯოაკინო როსინის ოპერაში “სევილიელი დალაქი” ბაზილიოს როლისთვის. ამ პარტიით შედგება ჩემი დებიუტი ლეგენდარულ და ჩემთვის საოცნებო რომის თეატრში Teatro dell’opera dI Roma, სადაც სიმღერა ყველა მომღერლის ოცნებაა.

16 ივლისიდან 31 ივლისამდე ვიმღერებ 7 სპექტაკლს. ძალიან საინტერესო და უმაღლესი დონის ჯგუფთან მიწევს მუშაობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

16-18 სექტემბერს ვიმღერებ იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეატრში Teatro Jesi Pergolesi ოტორინო რესპიგის ოპერაში “მეფე ენცო” პოდესტას მთავარ პარტიას.

23-25 სექტემბერს კი შედგება ჩემი დებიუტი პალერმოს ლეგენდარულ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში Teatro Massimo di Palermo, სადაც შევასრულებ ჯოაკინო როსინის ოპერაში “სევილიელი დალაქი” ბაზილიოს პარტიას.