15 ივნისი, 2016

„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ მსოფლიო პრემიერა თბილისში გაიმართება

samefo1ფოცხიშვილები და „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთი დღე მსოფლიო პრემიერის ფარგლებში 23 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი კონცერტის პრემიერას, რომელიც ევროპული ტურნეს შემდეგ იმართება საქართველოში. ბილეთები შეიძინეთ http://tkt.ge/rnb

ამ წარმოდგენამ დიდი წარმატებით მოიარა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და ცეკვის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ იქნა ბოლო 10 წლის მანძილზე როგორც საუკეთესო საცეკვაო წარმოდგენა. მისი ნახვის საშუალება აქამდე არ იყო შესაძლებელი გადაბმული საგასტროლო მოგზაურობის გამო, დღეს კი ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველ მაყურებელს ეძლევა საშუალება, რომ იხილონ ეს უნიკალური წარმოდგენა, რომელმაც ასე აღაფრთოვანა ევროპელი პუბლიკა.

გასტროლების დროს გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში თეატრ „ურანიაში“ გაიმართა დასის 4 წარმოდგენა, სადაც საფინალო ნომრის შემდეგ 6-ჯერ აიწია და დაეშვა ფარდა.

„საცეკვავო სენსაცია“ – ასე უწოდა გერმანელმა მაყურებელმა ქართველების გამოსვლას.

“ჩვენ გვინახავს მრავალი ქართული კოლექტივი საფრანგეთში, მაგრამ „სამეფო ნაციონალური ბალეტი” საქართველოდან?! მათი ცეკვა უნიკალური მოვლენაა, რომელიც თქვენ უნდა ნახოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც.” (Le Figaro, საფრანგეთი).

„ეს არის რადიკალურად განსხვავებული ქორეოგრაფიული კულტურა, განსხვავებული ხაზი საცეკვაო პლასტიკის, განსხვავებული ემოცია და გრაციოზულობა, რომელსაც “სამეფო ნაციონალური ბალეტი”-ს ქართველი მოცეკვავეები ქმნიან სცენაზე“, – ასე იწყებს სტატიას იტალიური ჟურნალი („Tutto Danza” იტალია).

ფოცხიშვილების გვარი უკვე რამდენიმე ათეული წელია ემსახურება საქართველოს კულტურის განვითარებას – ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი აქვს უდიდესი წვლილი. მათი ქორეოგრაფიასთან მჭიდრო კავშირის დასაწყისი თარიღდება 1955 წლიდან, რომელიც უკავშირდება საქართველოს საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს ხელოვნების ამაგდარს, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერს, მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატს, ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს ბატონი გელოდი ფოცხიშვილის სახელს.

ფოცხიშვილების საცეკვაო კომპანია დღეს უკვე წარმოდგენილი, როგორც „სამეფო ნაციონალური ბალეტი“, რამოდენიმე ათეული წელია მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე, როგორც პროფესიონალური საცეკვაო კომპანია საქართველოდან. მათი წარმატებული მოღვაწეობის დასტურია მთელი ამ დროის შემოქმედებითი არქივი და პრესის გამოხმაურება.

2015 წლის 25 დეკემბერს კი 40 წლის აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მათი სახელობითი ვარსკვლავი, რომელიც ამშვენებს ვარსკვლავთ ხეივანს.

ახალი წარმოდგენა სახელწოდებით „მსოფლიოს გარშემო“, სადაც გაერთიანებულია ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო მინიატურები, გადმოცემული ქართული ტემპერამენტით და ახლებური ხედვით, ერთობ საინტერესო სანახაობაა ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელიც აღძრავს პოზიტურ ემოციას და დადებით განწყობას. ასეთი ტიპის საცეკვაო წარმოდგენა არის პირველი პრეცედენტი ქართულ ქორეოგრაფიულ სივრცეში, სადაც გაერთიანებულია მთელი მსოფლიოს კულტურა ერთ კონცერტში. ასევე კონცერტში შესულია 4 ახალი ქართული საცეკვაო ნომერი, რომელიც ნათლად აღწერს საქართველოს თვითმყოფადობას, უძველეს კულტურას და ხაზს უსვამს ჩვენს არსებობას უძველესი დროიდან დღემდე.

კონცერტი გაფორმებულია გრანდიოზული დეკორაციებით, ორიგინალური მუსიკით და წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი კოსტიუმებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როდესაც იდგმებოდა ეს წარმოდგენა, პროგრამაში წარმოდგენილი მსოფლიო ხალხთა ცეკვებისთვის საქართველოში მოიწვიეს იმ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც ხანგრძლივი მუშაობა ჩაატარეს დასთან, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უმაღლეს პროფესიულ სიმაღლეზე ასული წარმოდგენა. მასში მონაწილეობენ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“-ს პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეები. ისინი ასრულებენ ისეთ ცეკვებს, რომელთა ანალოგი ჯერ არ დადგმულა საქართველოში.

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ბალეტმეისტერია საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გელა ფოცხიშვილი. დასის საპატიო ბალეტმეისტერია საქართველოს საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების ამაგდარი, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერი ბატონი გელოდი ფოცხიშვილი.