27 ივნისი, 2016

რობერტ სტურუა: “არ უნდა დავბრუნებულიყავი!”

1Sturua--sturua– არ უნდა დავბრუნებულიყავი! – აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა და თეატრთან დაკავშირებულ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს იხსენებს:

“შესაძლოა თარიღები მეშლება, როგორც მეზობლებს, რათა თავისი წარსული უფრო შორს გადავწიო და ამით უფრო დიდი წონა შევიძინო, თითქოს არ კმარა, რასაც ვიწონი!

რუსთაველის თეატრში 1956-57 წელს შემოვტოპეთ, ბატონი დოდო ალექსიძე “ჰამლეტს” დგამდა და უწვერ-ულვაშო რეჟისორები, მაესტროს ვითომ ვეხმარებოდით.

და მაშ შემდეგ აქ ვარ, ამ საოცარ ტაძარში, მაგიითა და საიდუმლოებით მოცულ, მომაჯადოვებელ სივრცეში.

ამჟამად მინდა ჩვენი თეატრის მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან თვისებას შევეხო იმას, რასაც ცხოვრებისეული ლოგიკით ვერ ახსნი.

თუ თეატრის სული, თუ სუბსტანცია, არ მიგიღებს, არ შეგიყვარებს და ჩათვლის, რომ არ გაქვს უფლება მას ემსახურო, გაგრიყავს, გაგაძევებს, ისეთ აუტანელ პირობებს შეგიქმნის, სანამ გაბოროტებული, ცრემლიანი, ასეთი სასტიკი უსამართლობით გამწარებული, არ მიატოვებ ამ თავისუფლების, ტკივილის და ბედნიერების სამყაროს. რას იზამ, არ მიგიღო, ვერ გაუგე და მორჩა!

როგორც სკოლაში, ყველა რომ ლაღობს, უხარიათ, დახტიან მერხებზე, შენ კი არავინ გამჩნევს, დგეხარ კედელთან აყუდებული და ვერ გაგიგია, რატომ გარგუნა განგებამ ასეთი მწარე ხვედრი.
წასვლაც არ გინდა, შენზე უღირსნი ნებივრობენ თეატრის კალთას ამოფარებული, შენ კი მარტო ხარ, ხვდები, იცი, რომ უნდა წახვიდე და ვერ მიდიხარ, წახვალ და იქ აღმოჩნდები, სადაც არ გინდა ყოფნა…

მაგრამ გირჩევთ ყველას, სცენის მუშებს, ბუღალტერიას, ვითომ საქმიან, ლეპ-ტოპიან ადმინისტრაციას, პიარის მუდამ აღელვებულ ჯოგს, შიშის გამო შურით რომ სკდებიან მსახიობებს, რეჟისორებს, ტვინარეულნი, დაბნეულნი რომ დაბოდიალობენ და დამცირებას ამბიციის ფარით ხვდებიან.

ო, რამდენჯერ ვაპირებდი წასვლას, სამჯერ განცხადება დავწერე, დამიხიეს, ერთხელ გამაგდეს იმ მამაცხონებულებმა. არ უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაცდუნა იმ ჯადოსნურმა ძალამ, გვიან მივხვდი, რომ ბოლო გამოცდა მომიწყო ეჭვით შეპყრობილმა: “აბა, ვნახოთ, რა ძალით მეტრფი, თუ გაქვს ტრ..ი, დიახ, დიახ, ეს სიტყვა იხმარა, შენნაირმა მოხუცებულმა, შენი ერთგულება დამიმტკიცო, დაგასაჩუქრებ.

და დამასაჩუქრა!

თქვენ კი დროზე დატოვეთ ეს წმინდა ადგილი!

თვითონ თუ არ გაგიხსნათ თავის ჯადოსნური ნიჟარა, უბედურნო, ვერასოდეს იხილავთ იმ უცხო სხივს, რის გამოც აქ ვართ, მონებად ქცეულნი!

ბოლო საოცრება კი ის არის, რომ თეატრის ერთგული მონა, თავისუფალია, როგორც არავინ!

მაგრამ მონებს თეატრის სული თვითონ ირჩევს.”