14 ივნისი, 2016

მოძრაობის თეატრში აზერბაიჯანის მიწისქვეშა თეატრი გასტროლს გამართავს

azerbaijanuli-teatris-gastroli116 ივნისს, 19 საათზე მოძრაობის თეატრი აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი მიწისქვეშა თეატრის “ADO Theatre” გასტროლს უმასპინძლებს.

საკუთარი რეპერტუარიდან დასმა ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და არაორდინალური სპექტაკლი „STOP“ შეარჩია, რომელიც გარდა იმისა, რომ ართობს მაყურებელს, ასევე გადმოსცემს მკვეთრ და ღრმა სათქმელს.

ეს არის წარმოდგენა, რომელმაც აზერბაიჯანში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სამყაროს ქაოტური უსამართლობა სპექტაკლში ბურლესკის ელემენტებითა და ტრაგიკული ბუფონადის აქცენტებით არის გადმოცემული.

– რა ხდება მაშინ, როდესაც მასისგან განსხვავებული ადამიანი უეცრად იღვიძებს? – ეს არის რეჟისორის მთავარი სათქმელი.

სპექტაკლის რეჟისორი ელმინ ბადალოვია, ინსცენირების ავტორი ლეილა გულიევა, ქორეოგრაფი რუმია აღაევა.

მთავარ როლებში მოძრაობის თეატრში მისული მაყურებელი იხილავს ელზა ფურტადოს, ზაურ ჰაჯიზადეს, ნიჰად გულამზადეს, რუმია აღაევას და აინურ ზარინტაჩს.

ელმინ ბადალოვი აღმოჩნდა პირველი, ვინც აზერბაიჯანში 2015 წლის პირველ სექტემბერს პირველი დამოუკიდებელი თეატრი “ADO თეატრი“ დააარსა.

ამ თეატრის დაარსებით ელმინ ბადალოვმა აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სტილი და მხატვრული მიმართულება შექმნა. მათი უსიტყვო სპექტაკლები არღვევს კლასიკური, აკადემიური თეატრის სტერეოტიპებს და ზღვარს მაყურებელთან.