29 ივნისი, 2016

გივი მუნჯიშვილი იოსებ კეჭაყმაძის შესახებ

givi-munjishvili1,,იოსებ კეჭაყმაძემ მთელი ეპოქა, რაც მთავარია, თავისი სახე შექმნა ქართულ მუსიკაში. მან ერთადერთმა შეძლო გაეღვივებინა თვითნაბადი ოქროს – ნიკო სულხანიშვილის მიერ ხნულში ჩაგდებული არაჩვეულებრივად ნოყიერი მარცვალი და სათანადო სიმაღლემდე აეყვანა ქართული საგუნდო ხელოვნება,” – ლოტბარი გივი მუნჯიშვილი დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო მაღალ შეფასებას აძლევს კეჭაყმაძის შემოქმედებას და იხსენებს კომპოზიტორთან ერთად გავლილ მრავალ ათეულწლიან შემოქმედებით გზას:

უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ ნიჭიერთა ათწლედში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩაირიცხა ბათუმიდან ჩამოსული ნიჭიერი ყმაწვილი იოსებ კეჭაყმაძე. ერთი წლის შემდეგ, მან ჩააბარა კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე იმჟამინდელი რექტორის, პროფესორ იონა ტუსკიას კლასში.

ჩვენი გაცნობა, რა თქმა უნდა, სტუდენტობიდანვე მოხდა, თუმცა მისი, როგორც კომპოზიტორის სახე ჯერ არ იყო გამოკვეთილი. ჯერ კიდევ პირველ კურსზე დაწერა საგუნდო ნაწარმოები ,,ჩონგურს”‘(ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე), რომელიც მაღალი დონის ნაწარმოებად იყო მიჩნეული და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. პირველად შესრულდა კონსერვატორიის სტუდენტურ გუნდში მიხეილ მაზმიშვილის დირიჟორობით 1962 წელს.

ჩვენი უშუალო დაახლოება მოხდა ცოტა მოგვიანებით ე.წ. “არტოს ბაღში”, სადაც მე ვიყავი ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელი, ხოლო სოსო, როგორც კარგი პიანისტი-კონცერტმაისტერი. 1966 წელს ბავშვთა გუნდისთვის სოსომ დაწერა ძალიან საინტერესო “ქორალი” (A  cappella) ჯიმშერ მუჯირის მისტიკურ სიტყვებზე: “მზეო, მზეო მიწის დღეო”. კარგად მახსოვს მისი ტონალობა – სოლ მაჟორი. ეს იყო ჩვენი პირველი გამოსვლა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, კომპოზიტორთა კავშირის პლენუმის ერთ-ერთ კონცერტზე. გუნდსაც და ნაწარმოებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

70-იან წლებში ცხადი გახდა, რომ იოსებ კეჭაყმაძე საგუნდო კომპოზიტორია და მისი სტიქიაა გუნდი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მისი წინაპრები – კეჭაყმაძეები გურიაში განთქმულნი იყვნენ, როგორც სასიმღერო ხელოვნების მსახურნი, მათ შორის ივლიანე კეჭაყმაძე – სოსოს დიდი ბაბუა.

ცხრა წელი გავიდა, ვიდრე მე მივიდოდი საგუნდო კაპელაში. ამ წლების მანძილზე სოსო წერდა საგუნდო თხზულებებს, მაგრამ რატომღაც ისინი არ სრულდებოდა. ერთხელ სოსომ მოიტანა თავისი ნაწარმოები, საგუნდო ციკლი ,,ძველი თბილისის სიმღერები” და მე და კაპელის მაშინდელ ხელმძღვანელს – გურამ ბაქრაძეს დაგვიკრა. ამ ციკლიდან ჩემთვის ცნობილი იყო მხოლოდ ,,კარგი იყო არ გამეცნე თავიდან”, რომელიც უკვე შესრულებული მქონდა სტუდენტურ გუნდთან.

კომპოზიტორთა კავშირის გადაწყვეტილებით, 1975 წლის მარტის თვეში მივედი კაპელაში, ჩემი მიზანი და მოვალეობა იყო, პირველ რიგში, ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის განვითარება, შესრულება და პოპულარიზაცია. სხვა ნაწარმოებების პარალელურად, დავიწყე მუშაობა ,,ძველი თბილისის სიმღერებზე”. 1976 წლის 18 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა კაპელის ორგანყოფილებიანი კონცერტი. I განყოფილებაში იყო ევროპული კლასიკური მუსიკა, II განყოფილება კი ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას დაეთმო. კონცერტის ბოლოს შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ციკლი, პარაფრაზები ,,ძველი თბილისის სიმღერები”. რეპერტუარში გვქონდა რამდენიმე ახალი ნაწარმოებიც, მაგრამ ეს ციკლი იმდენად მნიშვნელოვანი და ახალი სიტყვა იყო, რომ დაჩრდილა სხვა დანარჩენი. ეს კონცერტი წარუშლელ მოგონებად დარჩა.

ციკლი შედგება ხუთი სიმღერისგან:
1. კარგი იყო არ გამეცნე თავიდან
2. ავარ-ავარ დავდივარ
3. კეკელჯან
4. ახ, თვალებო
5. ჩემ სიმღერას ვინ გაიგებს

ეს გუნდები დრამატურგიულად მე და სოსომ დავაწყეთ.

ioseb-kechakmadze1

ჩემთვის, როგორც ქართლ-კახურ სიმღერებზე გაზრდილი კაცისათვის, მისი მუსიკა ემოციურად ძალიან ახლოს იყო და ეს სოსომ თავადაც იცოდა. მას მრავალჯერ უთქვამს: ,,გურული სიმღერები ჩემთან ემოციურად ისე ვერ მოდის, როგორც ქართლ-კახურიო” და მართლაც, რომ დააკვირდეთ, მისი მუსიკა ქართლ-კახურ ინტონაციებსა და ჰარმონიულ პრინციპებზეა აგებული.
მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო ფაქტი, თუ საიდან დაებადა სოსოს ,,ძველი თბილისის სიმღერები”-ს დაწერის იდეა. იმ წლებში ძალიან პოპულარული გახდა რობერტ შოუს ,,სპირიჩუელსი”, რომელიც მაღალმხატვრული ღირებულების ნიმუშია. სოსომ მითხრა: “სპირიჩუელსი”-ს გავლენით გამიჩნდა სურვილი, რომ ჩვენი თბილისური მელოდიები დავამუშავო შერეული გუნდისთვისო. თითოეულ ნაწარმოებში მან მართლაც საოცარი დიდოსტატობა გამოავლინა. ამ თხზულების საჯარო შესრულება ყუმბარის აფეთქებას ჰგავდა. არ დამავიწყდება კონსერვატორიის დიდი დარბაზი ლამის ჩაინგრა ფეხის ბრახუნითა და ბრავოს ყვირილით. საბედნიეროდ, დღეს არსებობს ამ კონცერტის აუდიო ჩანაწერი.

მუსიკალურ საზოგადოებასთან არსებობდა კამერული გუნდი, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო იოსებ კეჭაყმაძე. ეს გუნდი 1973 წელს შეიქმნა და კაპელის პარალელურად არსებობდა შერეული გუნდის სახით. სოსომ ამ გუნდში მიიტანა ანა კალანდაძის ლექსებზე აგებული საგუნდო ციკლი, რომელიც 1973 წელს ლია ლომიაშვილის დირიჟორობით დიდი წარმატებით შესრულდა.

ციკლი შედგება სამი ნაწარმოებისგან:
1. რომ ავყოლოდი გულისთქმას
2. მთვარესთან წავა ყამარი
3. წვიმს ფაფანაგა სველდება

1978 წელს კიდევ დაიწერა საგუნდო ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე, რომელშიც შევიდა ოთხი გუნდი:
1. რომ ავყოლოდი გულისთქმას
2. ყველაფერ ტყუილ ყოფილა
3. ლაშარის გზაზე
4. რატომ შეშალე ბილიკი

ეს ციკლი კაპელამაც შეასრულა, იმდენად რთული იყო, რომ დღემდე მიკვირს, როგორ შევძელით ჩაწერა ,,ძველი თბილისის სიმღერებთან” ერთად. ამ ორი ციკლის ტრიუმფი კი შედგა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1980 წელს.

მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ აღნიშნული საგუნდო ციკლების და ძალიან ბევრი მისი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი ვყოფილიყავი კაპელასთან ერთად. სოსოს შემოქმედებამ ქართული საგუნდო მუსიკის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. ნიკო სულხანიშვილის შემდეგ ქართული სიმღერა ასეთი ძალით არ გამოვლენილა ქართულ პროფესიულ მუსიკაში. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი: იოსებ კეჭაყმაძემ მთელი ეპოქა, რაც მთავარია, თავისი სახე შექმნა ქართულ მუსიკაში. მან ერთადერთმა შეძლო გაეღვივებინა თვითნაბადი ოქროს – ნიკო სულხანიშვილის მიერ ხნულში ჩაგდებული არაჩვეულებრივად ნოყიერი მარცვალი და სათანადო სიმაღლემდე აეყვანა ქართული საგუნდო ხელოვნება. საბედნიეროდ, ქართველ კომპოზიტორთა შორის მისი შემოქმედების გავლენით ბევრი მიმდევარი აღმოჩნდა: გოგი ჩლაიძე, ჯემალ ბეგლარიშვილი, რუსუდან ხორავა, ლილი შავერზაშვილი, ზვიად ბოლქვაძე და სხვები.

ესაუბრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების სტუდენტი ბიჭი ბეჟიტაშვილი