Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოპერის თეატრში საქველმოქმედო საღამო აღარ შედგება

21 ივნისი, 2016

1tbilisi-operaზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო საღამო აღარ შედგება.

კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ სოფო ხალვაშს, მარიკო ებრალიძეს, ლაშა რამიშვილს, ნოდიკო ტატიშვილს, დავით არჩვაძეს, ბორის ბედიას, დათუნა მგელაძეს და სხვა ცნობილ მომღერლებს, 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

ემიგრანტებისთვის მიძღვნილი კონცერტის ინიციატორი დეკანოზი ბასილ ახვლედიანი იყო. ოპერის სცენაზე საესტრადო კონცერტის ჩატარება ოპერის მომღერლების ნაწილმა გააპროტესტა, რასაც საღამოს გადადება მოჰყვა.

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი:

“27 ივნისს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს სულიერი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფონდის ,,იბერიის აღდგომა” მიერ დაგეგმილი საღამო, რომელიც ემიგრანტებისადმი უნდა მიძღვნილიყო, სამწუხაროდ, არ ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია, ჩვენი ყურადღება და სიყვარული მივმართოთ ყველა ემიგრანტისკენ, განსაკუთრებით კი, მოვეფეროთ ყველაზე მივიწყებულ და სასოწარკვეთამდე მისულ თანამოქალაქეებს და უბრალოდ ვუთხრათ, რომ მიუხედავად დროსა და სივრცეში დაშორიშორებისა, ჩვენი სიყვარული ცოცხალია და იგი უსაზღვრებოა!

გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები თითოეული მათგანის სამშობლოში დაბრუნების ხელშესაწყობად და მრავალი ეროვნული მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად. მიუხედავად სკეპტიკოსებისა, ეს პროექტები შედგება და, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთა მიმართაც გამოვიჩენთ ქრისტესმიერ სიყვარულს.

ემიგრაციაში მყოფ ურიცხვ თანამემამულეთა ერთმა მწირმა და უმრწემესმა სეგმენტმა გადაწყვიტა თავიანთი ვიწრო მერკანტილური გეგმების განხორციელება ჩვენი ღონისძიების დისკრედიტაციის ხარჯზე. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს დაგეგმილი საღამოს ყველა შემქმნელსა და მონაწილეს, რომელთაც, ზემოთ აღნიშნულ სეგმენტთან შედარებით, არანაკლები სულიერი, ადამიანური, ზნეობრივი თუ, თუნდაც პროფესიული მიღწევები გააჩნიათ და პირნათლად ემსახურებიან სამშობლოს.

გარდა ამისა, ფონდს მიადგა სერიოზული ეკონომიკური ზიანი. მიუხედავად კიდევ ბევრი სხვა ნეგატიური შედეგებისა, ასევე, ჩვენი თხოვნისა, რომ დაესრულებინათ ჩვენი უმიზეზო დისკრედიტაცია და მათი გონიერი წევრების მხრიდან პირად საუბრებში თუ მიმოწერაში (რისი არქივიც გაგვაჩნია…) შეცდომის აღიარებისა, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რას ემსახურებოდა ეს საღამო, თორემ მსგავს ქმედებებს ადგილი არ ექნებოდა, მაინც განაგრძეს ,,კულტურული რევოლუცია” უკულტუროდ და ხშირ შემთხვევაში (,,პოსტების” მიხედვით, რომლებიც ასევე მათი მიბაძვით ყოველი შემთხვევისთვის ,,დავასკრინეთ” არქივისთვის), ყოველგვარ ზრდილობის ჩარჩოებს ასცდა და უტიფრობაში გადავიდა.

ფონდი ,,იბერიის აღდგომა” შენდობას ითხოვს ასეული ათასობით ემიგრანტისა და საქართველოში მყოფ თანამოქალაქეთა წინაშე, რადგან მათი დიდი მოლოდინისა და უამრავი მათგანის კონტინენტალური ჩართულობის მიუხედავად, დაგეგმილი საღამო არ შედგება ოპერაში. იგეგმება საღამოს გადანაცვლება უახლოეს მომავალში სხვა დროსა და სივრცეში.”