Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანი ბრეგვაძე: “მოგვხედეთ!”

14 ივნისი, 2016

1naniმომღერალ ნანი ბრეგვაძეს ოცნება აუხდა. როგორც მან განაცხადა, ყოველთვის ოცნებობდა მისცემოდა საშუალება გამოეთქვა თავისი აზრი იმ საკითხებზე, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეული და უმნიშვნელოვანესია.

ნანი ბრეგვაძემ საჯაროდ ისაუბრა თბილისის დღევანდელ მდგომარეობაზე და კითხვით მიმართა მთავრობას, რა დააშავა თბილისმა და მისმა მცხოვრებლებმა, რომ ამდენი მშენებლობისგან ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია:

“ამდენი მენელობლობა საშინელებაა. კი არ აშენებენ, ანგრევენ ჩემს საყვარელ თბილისს. გზებს ვეღარც ვხედავ, გადარეულები არიან მშენებლობაზე, აშენებენ და აშენებენ! სხვა რამესაც უნდა მიხედონ. ჩემი საყვარელი თბილისი ისევ ჩემი საყვარელი თბილისია, მაგრამ ნუ აწერთ ხელს ამ საშინელ არქიტექტურას! გეფიცებით, ქუჩაში ვეღარ დავდივარ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თავში დამეცემა შენობები.

სუნთქვა აღარ არის! მანქანები ხომ საერთოდ საშინელებაა. ადრე რომ გამოვიდოდით ქუჩაში, ვიცინოდით, ერთმანეთს ვესალმებოდით, დღეს ესეც შეუძლებელია. ახლა ყველა მანქანებით გარბის და გამორბის. რა ხდება ღმერთმა იცის.

რა დაუშავა ჩემმა ქალაქმა და ხალხმა მთავრობას? ახალგაზრდებმა არც კი იციან, როგორი ლამაზი იყო თბილისი. მინდა, რომ ლამაზი იყოს ჩვენი ქვეყანა და უცხოელი რომ ჩამოვა, ვინც არ უნდა იყოს, ვიამაყოთ, რომ ლამაზი სამშობლო გვაქვს. განა ახლა არ მოსწონთ? მოსწონთ, იმიტომ რომ სტუმრად ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ როცა აქ იცხოვრებ, დაინახავ, რომ სუნთქვა შეუძლებელია.

მოგვხედეთ! დაანებეთ თავი ამდენის სახლების აშენებას! გაალამაზეთ თბილისი! ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ქალაქით და სულ ვიამაყებ, მაგრამ მინდა უკეთესი იყოს!” – განაცხადა მომღერალმა ”პრიორიტეტში” სტუმრობისას.