“თქვენი თანადგომა მჭირდება და მოგმართავთ თხოვნით”

28 ივნისი, 2016

1rachveli– თქვენი თანადგომა მჭირდება და მოგმართავთ თხოვნით, – აცხადებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ჩემო ძვირფასებო, თქვენი თანადგომა მჭირდება და მოგმართავთ თხოვნით. დღეს საღამოს 20.30 წუთზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე (I არხზე) თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ფონდ „იავნანას“ მორიგი საქველმოქმედო კონცერტის პირდაპირი ტრანსლირება დაიწყება.

საღამოს მთავარი გმირები ანსამბლი „მგზავრები“ და „ჯორჯიან ბრასია“, მე კი როგორც სპეციალური სტუმარი ჩემი მისიით ვუერთდები აქციას და სწორედ ამ მისიის გამო მომიხაროდა სამშობლოში დაბრუნება!

თუ გახსოვთ რამოდენიმე კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედმა“ გადმოსცა ძალზედ ემოციური სიუჟეტი თბილისში მცხოვრებ პატარა ლუკას შესახებ, რომელიც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და შეგროვებული ჯართის ჩაბარებით მიღებული კაპიკებით ირჩენს თავს, ხოლო თავისუფალ დროს სამუსიკო სკოლაში გარბის, რათა ფორტეპიანოზე დაუკრას. ეს ადამიანი მხოლოდ მუსიკაზე ფიქრობს და ოცნებობს რომ წარმატებული, სახელოვანი ხელოვანი გამოვიდეს. თუ ოდნავ მაინც მენდობით დამიჯერეთ, მას ამის პოტენცია აქვს!!!

თუ კი პიანისტი არ დადგება საოპერო მომღერალი გამოვა (გულიკო კარიაული აღფრთოვანდა მისი ხმით, სმენაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი), ან კიდევ დირიჟორი. ვიოლინოზეც უკრავს, ჩემი კოლეგის, ამერიკაში მოღვაწე თინუკა ჯაფარიძის ნაჩუქარ ინსტრუმენტზე. ერთი სიტყვით ლუკა არის მოვლენა, განსაკუთრებული მოვლენა. დამერწმუნეთ, ბავშვი, რომელიც იმ ცხოვრებით ცხოვრობს, წარმოუდგენელია ასე უყვარდეს მუსიკა, თუ კი მასში რაღაც ღვთიური სული არ სადგურობს!

ამ სიუჟეტის გაზიარების შემდგომ ძალიან ბევრმა ღვთისნიერმა ადამიანმა გამოიჩინა ყურადღება და მომწერა, რომ მზად არიან ინსტრუმენტი შეუძინონ და უსახსოვრონ, თუმცა ეს არ არის გამოსავალი. საქმე იმაშია, რომ მისი მრავალსულიანი ოჯახი ავჭალაში მდებარე ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელიც ძალიან, ძალიან პატარაა, შესაბამისად იქ პიანინოს განთავსების საშუალება არ არის.

ამიტომ მე მინდა დღეს თქვენთან ერთად დავიწყოთ თანხის შეგროვება, რათა მას შევუძინოთ კიდევ ერთი ოთახი, თუნდაც იქვე ავჭალაში, მაგრამ მისი, საკუთარი სივრცე, სადაც თქვენს მიერვე შეთავაზებულ პიანინოს დავუდგამთ და მას ექნება საშუალება, მთელი თავისი დრო მუსიკას და პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბებას დაუთმოს!

არც კი ვიცი რა ღირს პატარა ბინა, მაგრამ არც ისე ძვირი მგონია ჩვენ ყველანი ერთად რომ ვერ შევწვდეთ. მე დიდი იმედი მაქვს ჩემი კოლეგების და მეგობრების, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, ასევე ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეების (მაგალითად ნიუ იორკელმა ქართველმა ახალგაზრდებმა, ვისაც კი შევხვდი, სრული მზადყოფნა აღმითქვეს) და რაც მთავარია თქვენი ჩემო ძვირფასებო, ყველა იმ ადამიანის, ვისშიც სიკეთე და ქველმოქმედების სურვილი ცხოვრობს! 10, 50, 100, 500, 1000, 5000 ლარი, ვისაც რამდენი შეუძლია ეგებ შესწიროთ ამ კეთილ წამოწყებას და ვაჩვენოთ ერთმანეთს თუ რა შეგვიძლია როცა ძალა ერთობაშია.
ვისაც ექნება სურვილი მომწეროს და საღამოს პირდაპირ ეთერში გამოვაცხადებ მათ ვინაობას. ვიცი ბევრმა შეიძლება არც ისურვოს, მაგრამ მეორეს მხრივ გამოცხადება შესაძლოა სხვებისთვის გახდეს მაგალითი! (ხოლო პატარა ლუკამ ჯართის შეგროვებას თავი რომ დაანებოს ამაზე უკვე იზრუნა „იავნანამ“ და საღამოს ეს გაცხადდება, თუმცა ბინის თაობაზე სამწუხაროდ ვერც ერთი სამშენებლო კომპანიისგან ვერ მივიღეთ ამ ეტაპზე თანხმობა, თუმცა დრო კიდევ არის!!!)

ლუკას ბინისთვის თანხის შეგროვების მსურველებს გთხოვთ დარეკოთ „იავნანას“ ცხელი ხაზის ნომერზე 2140484, დააფიქსიროთ თქვენი ვინაობა, კოორდინატები და შემოსაწირი თანხის ოდენობა, შემდგომ ფონდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ანგარიშის ნომერს ან შეწირვის სხვა მექანიზმს. ასევე შეგიძლიათ მეც მომწეროთ Facebook-ზე ან თეონა ჯორბენაძეს აგრეთვე Facebook-ის მეშვეობით. მთავარია გვერდში დაგვიდგეთ. ვინ იცის მომავალში მისით ისევე ვიამაყოთ, როგორც დღეს ვამაყობთ გია ყანჩელით, ჯანსუღ კახიძით, პაატა ბურჭულაძით, ლექსო თორაძით, ლიანა ისაკაძით და ა.შ.

და ორმაგად საამაყო იქნება, თუ კი მის წარმატებაში ჩვენც გვექნება შეტანილი ჩვენი მოკრძალებული წვლილი.

არ ჩამითვალოთ ჩემი სტატუსი მოწოდებად, არა, ეს ჩემი გულითადი თხოვნაა.

დიდი მადლობა. იმედით ვარ განმსჭვალული. თან ჩემი ახლო წარსული მახსენდება, როცა მეც იგივე პრობლემა მქონდა, ვაჟა-ფშაველას მე4 კვარტალში ერთ ოთახიან „ხრუშჩოვკაში“ ვიზრდებოდი მშობლებთან და ბებიასთან ერთად და არც პიანინოს შეძენის და არც მისი სახლში განთავსების ადგილი მქონდა, ვიდრე ჩემი დეიდის და ბიძის ოჯახი არ დაგვითმობდა თავიანთ სახლს გარკვეული დროით. რომ არა მათი გამოწვდილი დახმარების ხელი ვინ იცის მექნებოდა თუ არა ბედნიერება მუსიკით მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის…”