Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვემიჯნები თეატრში ლოცვის რიტუალს!”

21 ივნისი, 2016

lasha-chxartishvili1ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2016” გაიხსნა, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე ფესტივალის სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათტან ერთად ლოცვა “მამაო ჩვენო” წარმოსთქვა.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ფესტივალის ჟიურის წევრია, აცხადებს, რომ ცალსახად ემიჯნება თეატრში ლოცვის რიტუალის იძულებით შესრულებას და მიაჩნია, რომ თეატრი არ არის ტაძარი და სალოცავი ადგილი.

ლაშა ჩხარტიშვილი:

“ლადო მესხიშვილის თეატრში გაიხსნა საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი-2016”. ამ ფესტივალთან სამი წელია ვთანამშრომლობ (როგორც ჟიურის წევრი) და ვფიქრობ, ამ ფესტივალს აქვს თავისი ნიშა, გამორჩეული აქცენტები და ის დიდი სტიმულია იმერეთის მხარეში მოღვაწე თეატრებისთვის.

გუშინ, საზეიმო გახსნის ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმა და ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა, რომელიც მიესალმა ფესტივალის მონაწილეებს და მისასალმებელი სიტყვის ბოლოს “მამაო ჩვენო” ათქმევინა მთელ დარბაზს. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე, ვინაიდან ოფიციალური მისალმებების ნაწილისას დარბაზში არ ვიმყოფებოდი. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ ვერ ვიქნებოდი გმირი და დარბაზში ჩემი ყოფნის შემთხვევაშიც კი ამ პროცესის ოდნავი ირონიზირება ჩემი მხრიდან ჩემი ფიზიკური ხელყოფის ტოლფასი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენ ჟიურის წევრებს, არ გვითანახმებენ ფესტივალის პროტოკოლს, სხვა საორგანიზაციო საკითხებს (ჩვენ მხოლოდ სპექტაკლების ნახვა გვევალება), როგორც ამ ფაქტის უნებლიე მონაწილეს, მაქვს უხერხულობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება და ცალსახად ვემიჯნები თეატრში ლოცვის რიტუალის იძულებით შესრულებას. ვთვლი, რომ თეატრი არ არის ტაძარი და სალოცავი ადგილი.

ჟიურის წევრებმა, ვცადეთ ფესტივალის დამფუძნებელისა და სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ლევან როხვაძისთვის აგვეხსნა ჩვენი პოზიცია და დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრება, რომელისთვისაც ეს საკითხი არის მგრძნობიარე და სათუთი, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის გუნდში (ბორდში) არის განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მომავალ წელს, ამ ფესტივალის მხოლოდ სტუმარი და რიგითი მაყურებელი ვიქნები.”