დავაბრუნოთ გრიგოლ რობაქიძე საქართველოში!

18 ივნისი, 2016

1grigol-robaqidze„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“ – ეს სიტყვები ცნობილ ქართველ მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის.

ახალგაზრდა მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენების ინიციატივით გამოდის:

“პატივი მაქვს მოგმართოთ თხოვნით და მჯერა ამ თხოვნაში არამარტო ჩემი პირადი, არამედ არაერთი ჩვენი თანამემამულის სურვილიც შეიძლება გამოიხატოს.

ღრმად მწამს, რომ შეგიძლიათ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთოთ ქართველ ხალხს, მომავალ თაობებს და ამით ძლიერმოქმედი ბიძგი მისცეთ ქვეყანაში ახალი, პროგრესული, საგანმანათლებლო ძალების დამკვიდრებას.

საკითხი ეხება დიდი ქართველის, განსაკუთრებულად გამორჩეული პიროვნებისა და მწერლის, ქართული ენის რეფორმატორის, მოაზროვნის, საზოგადო მოღვაწის, თავისი სამშობლოს ერთგული შვილის – გრიგოლ რობაქიძის საფრანგეთიდან გადმოსვენებას და ამით მის საბოლოო რეაბილიტაციას.

საქართველოს ფარგლებს გარეთ და მის შიგნით ამჟამად შექმნილი, ამ ფაქტისთვის უაღრესად ხელსაყრელი პირობები საფუძვლიან იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თქვენს მიერ პიროვნულად გამოვლენილი კეთილი ნების ჟესტი ამ საკითხის აღსრულების საწინდარი გახდება.

წელს “საქართველოს წლად” გამოცხადება და ლევილის მამულების გადმოცემა, საფრანგეთის მხრიდან მოცემული საკითხისადმი ხელშწყობის ალბათობასაც ზრდის. ევროპაში, გამორჩეული ქართველი მოღვაწის მიმართ ყურადღების გამოვლენით, საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდება, როგორც კულტურული ქვეყანა. ჩვენი ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის კი ეს ფაქტი სამომავლოდ მნიშნელოვანი სიმბოლური და ქმედითი იმპულსის მატარებელი შეიძლება გახდეს.

ამ ნაბიჯით თქვენ დაუკავშირებთ თქვენს სახელს საქართველოს ისტორიის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეებს, ხოლო მოახლოებული არჩვენების პირობებში უფრო დიდი და კეთილშობილური კამპანია ძნელი წარმოსადგენი მგონია. ათიათასობით გულ-ანთებული ადამიანი მიეგებება მწერალს, რომელსაც ცხოვრებაში არ ეღირსა დაბრუნებოდა თავის სამშობლოს. შესაძლოა ეს ასევე იდეის გარშემო საყოველთაო გაერთიანების ის გულწრფელი საწინდარი გახდეს, რომელიც დღეს ასე აკლია ჩვენს ხალხს.

მართალია თავის დროზე ჩატარებული აგიტაცია გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ და მისი თამამი შეხედულებები ზოგიერთს დღესაც, მისი მოღვაწეობისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების საბაბს აძლევს, მაგრამ ამ ადამიანის გამორჩეული ბუნება სცილდება ზედაპირული, მარტივი შეფასების ვიწრო მარწუხებს. სამწუხაროა, რომ დღესაც საქართველოში არათუ სკულპტურა, მისი მცირე ბარელიეფიც არ დგას.

გრიგოლ რობაქიძის პიროვნებისა და შემოქმედების მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ თამამი, შეიძლება ზოგჯერ საკამათოც, მაგრამ ყოველგვარი პირობითობებისგან თავისუფალი ძიებებით გრიგოლ რობაქიძე სამყაროს მოვლენათა მიღმა მათ პირველმიზეზთა შემეცნებასა და ურთიერთმიმართებათა გამოვლენისკენ მიისწრაფვოდა. ასეთი ხატოვანი, ხშირად უაღრესად ზუსტი გადმოცემით მან ქართულ სიტყვას მოქნილი და თანამედროვეობისთვის აუცილებელი გამოხატვის ფორმა მიანიჭა, რაც ფასდაუდებელი წვლილია ქვეყანაში ცნობიერების სამომავლო განვითარების საქმეში.

გრიგოლ რობაქიძის გადმოსვენება სამშობლოში, მის მიმართ თავის დროზე აგორებული არაერთი უშნო ჭორის დასასრული უნდა გახდეს. ამ ამბის ფართოდ გაშუქება კი მისი დაკარგული წერილებისა და დღემდე უცნობი ხელნაწერების მოძიებასაც შეუწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, საქმე იმაში არაა მხოლოდ, რომელ ქვეყანაში იქნება დაკრძალული ესა თუ ის ადამიანი, იდგება თუ არა მისი სკულპტურა სადმე, მაგრამ გამომდინარე ამ დიდი ქართველის ღვაწლიდან, განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან სამშობლოს მიმართ, მგონია დადგა დრო, ქვეყანამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს თავისი საამაყო შვილის მიმართ.

და ბოლოს… მინდა დავძინო, რომ მე არ ვიმყოფები ნათესაურ კავშირში გრიგოლ რობაქიძესთან, არ მაქვს რაიმე მატერიალური სახის დაინტერესება. გწერთ მხოლოდ იმიტომ, რომ მჯერა, სწორედ ასეთი გზითაა დღეს შესაძლებელი ამ საკითხის რეალურად დაძვრა – ერთი ადამიანის პირადი მიმართვით მეორე ადამიანის მიმართ, ვისაც ხელეწიფება სისრულეში მოიყვანოს ეს თხოვნა…

და თუ ამ ნაბიჯმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს თუნდაც სამომავლოდ, ახალი, ჭეშმარიტად პროგრესული სახელმწიფოს შენების შესაძლებლობის ნიშანი გახდება, თქვენ კი ის კეთილი ნების ადამიანი, რომელმაც ღირსეული საქმით, კვლავ დააბრუნა მზის ერთი სხივი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ანათებს გრიგოლ რობაქიძის გამორჩეული პიროვნებისა და შემოქმედებიდან.”