5 ივნისი, 2016

ხელოვნების სასახლეში უხუცესი ფერმწერის გამოფენა გაიხსნება

levan-cucqiridze9015 ივნისს, 17 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატის, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელისა და საქართველოს დამსახურებული მხატვრის ლევან ცუცქირიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.

გამოფენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დავის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-მდე ნამუშევარი, რომელთა უმეტესობაც „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკას ეძღვნება. გამოფენის გახსნასთან ერთად მოხდება მხატვრის მიერ ილუსტრირებული წიგნის „ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია.

ლევან ცუცქირიძემ 1960 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. მის მიერ 1960-იანი წლების შუა ხანებში შექმნილი ილუსტრაციებით შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ორჯერ გამოიცა, ერთ-ერთი გერმანიაში, გერმანულ ენაზე.

მხატვარს ეკუთვნის ილუსტრაციები თხზულებებისათვის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა”, გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“.

1980-იანი წლების დამლევს ლევან ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი“ 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“.

ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა 1959 წელს თბილისში მოეწყო. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს გაიმართა თბილისში, მოსკოვში, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია გერმანიის ქალაქ ვაიმარში გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები გამოფენილია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

2016 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ლევან ცუცქირიძეს 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭა.