25 ივნისი, 2016

ზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ჩაიშალა

marjanishvilis-teatri1კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს საქართველოს რეგიონებში გასტროლებით აღნიშნავს.

თეატრი შექსპირის პიესის მიხედვით ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს “როგორც გენებოთ” ზუგდიდში, მესტიაში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ქობულეთში, ხულოში და ახალციხეში ითამაშებს.

პირველი სპექტაკლი მსახიობებს ზუგდიდში უნდა ეთამაშათ, მაგრამ მარჯანიშვილელებმა წარმოდგენის გამართვა ვერ შეძლეს. სპექტაკლის ზუგდიდის თეატრში ჩვენება შეუძლებელია, რადგან თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია.

მსახიობებმა თამაში ღია ცის ქვეშ გადაწყვიტეს, მაგრამ გადაუღებელმა წვიმამ მათ პრობლემები შეუქმნა.

თბილისიდან ჩასულმა ცნობილმა მსახიობებმა ნიკა თავაძემ, ბესო ბარათაშვილმა, როლანდ ოქროპირიძემ, ნიკა კუჭავამ, ონისე ონიანმა, ზურა ბერიკაშვილმა და ბექა გოდერძიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელეს და ზუგდიდის თეატრის დროული რეაბილიტაცია ითხოვეს.