13 ივნისი, 2016

დავით კინწურაშვილი ალაპარაკდა

1kinwuraზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ალაპარაკდა და ბოლო დროს მასთან და თეატრთან დაკავშირებით გავრცელებულ საკითხებზე განმარტება გააკეთა.

დავით კინწურაშვილი:

“სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტივობით არ გამოვირჩევი, მაგრამ გარკვეულმა გარემოებამ მაიძულა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ფორმაც გამოვიყენო.

ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ სოციალური ქსელი გახდა, ჩემი კოლეგების მხრიდან, მცდარი ინფორმაციის თუ არასასიამოვნო შეფასებების არენა.

მინდა გითხრათ, რომ ამ ტალღის აგორების მიზეზი იყო ბატონ ვახტანგ მაჭავარიანის განცხადება, თითქოს იგი არ შეუშვეს ოპერის თეატრში. შეხვედრა ბატონ ვახტანგთნ მართლაც ვერ მოვახერხე, გადაუდებელი პრობლემის გამო. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ინფორმირება შეხვედრის გადადების შესახებ, სამწუხაროდ, გვიან მოხდა, რამაც გამოიწვია ბუნებრივი, არასასიამოვნო რეაქცია მისი მხრიდან.

მოგვიანებით მე ბატონ ვახტანგს პირადად ვესაუბრე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ შეხვედრა მისი სურვილისამებრ აუცილებლად შედგებოდა. მან მიპასუხა, რომ თარიღს შემატყობინებს.

შესაბამისად არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანის ინიცირებული კონცერტი არ შედგება. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.

ვინაიდან მე და ბატონმა ვახტანგმა ვიკონტაქტეთ, ჩავთვალე, რომ ინციდენტი გარკვეულწილად ამოწურულია. თუმცა ჩემმა რამდენიმე სახელოვანმა კოლეგამ საკითხი პიროვნული ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა.

ძალიან ვწუხვარ და უფრო მეტად გაოცებული ვარ მათი ამ ქმედების გამო. თამარ ივერთან ერთად გავხსენით ჩვენი სახელოვანი თეატრი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და კიდევ ბევრი შემოქმედებითი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, ის თავად არ არის წინააღმდეგი.

გამიჭირდება ავხსნა ნანა მირიანის (ქავთარაშვილი) განცხადებები. მე და ქალბატონ ნანას გვქონდა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მათ გარკვეული ნეგატიური განწყობები გააჩნიათ. იმედი მაქვს ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას, ისევ და ისევ ჩვენი თეატრის სასარგებლოდ.

რაც შეეხება დასის წევრებს – მათ აქვთ თავიანთი აზრი ყველაფერზე, რაც თეატრში ხდება. ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, როცა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულიყო. გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მოგმართავთ – მზად ვარ თითოეულ თქვენგანთან რაციონალური შემოქმედებითი ურთიერთობისთვის.”