Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თეატრონის” მსოფლიო ტურნე ,,ხალხური სიმღერიდან – მიუზიკლამდე”

23 მაისი, 2016

teatroni1ჯგუფი “თეატრონი” რვა წლის წინ თეატრალურ უნივერსიტეტში შეიქმნა და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. მისი ხელმძღვანელი ლელა გოლიაძეა.

ნინი მამულაშვილი, ხათუნა ჭაკნელიძე, მარიამ გოლიაძე, მაიკო ხაჭაპურიძე, ლიკა ბარბაქაძე და რუსკა ტომარაძე – ეს იმ გოგონების ექვსეულია, რომელიც ფოლკლორს, საგალობლებს, ქალაქურ სიმღერებს, აკაპელას, უცხოურ ჰიტებსა და პოპურებს ერთნაირი პროფესიონალიზმით ასრულებს.

“არტინფო” “თეატრონს” და მის ხელმძღვანელს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ლელა გოლიაძე:

– რვა წლის წინ ჩემი მეგობარი გიორგი ბუგიანაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა სტუდენტი გოგონების ჯგუფის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი, რომლებიც მაშინ თეატრალურ უნივერსიტეტში, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

– გოგონებო, რით არის გამორჩეული თქვენთვის ის რეპერტუარი, რომელსაც ასრულებთ?

მარიამ გოლიაძე:

– ჩვენი რეპერტუარი გამოირჩევა მრავალხმიანი და მრავალფეროვანი სიმღერებით.

teatroni21

– ტრადიციულ ფოლკლორს მღერით თუ ექსპერიმენტებიც გიყვართ?

ლელა გოლიაძე:

– რეპერტუარში გვაქვს წმინდა ფოლკლორი, საგალობლები საკონცერტო და საეკლესიოც, ასევე ქალაქური სიმღერები, აკაპელა, უცხოური ჰიტები და პოპურები თითქმის ყველა ენაზე და რაც ყველაზე დიდ ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს, ეს არის ის ერთხმიანი კლასიკური სიმღერები, რომლებსაც ვშლი მრავალ ხმაში.

– გაიხსენეთ ყველაზე დიდი წარმატება, რომელიც 8 წლიანი არსებობის განმავლობაში გქონიათ.

მაიკო ხაჭაპურიძე:

– პირველი წარმატება იყო ჩვენი ალბომის გამოშვება, რომელშიც შესულია ფოლკლორი, ქალაქური სიმღერები და საგალობლები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ლევან გოლიაძეს, ადამიანს, რომლის გარეშეც ეს კარგი საქმე არ გაკეთდებოდა.

ლიკა ბარბაქაძე:

– ასევე დიდ წარმატებად ვთვლით ჩვენს პირველ სოლო კონცერტს კლუბში ,,ზაზანოვა”, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ბათუმის ,,პიაცაზე”. დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ ნანა მესხს.

ხათუნა ჭაკნელიძე:

– ჩვენ ასევე გახლავართ ძალიან წარმატებული პროექტის მონაწილენი, რომელიც ექსკლუზიურია საქართველოში და მეორე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს – პროექტი ,,მომღერალი მიმტანები”, რომლის დამფუძნებელი და იდეის ავტორია კომპოზიტორი და შემსრულებელი ქალბატონი ნანა მესხი. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ქალბატონ ნანას და მადლობა მას ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ჩვენთვის გააკეთა… დიდი მადლობა ჩვენს ხელმძღვანელს, ლელა გოლიაძეს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენთვის და ჩვენთან ერთად.

teatroni31

– კარგად გიცნობთ ქართველი მსმენელი?

რუსკა ტომარაძე:

– საკმაოდ კარგად გვიცნობს ქართველი მსმენელი, რადგან ჩვენი სიმღერები ტრიალებს როგორც რადიოში, ასევე გვქონია “თეატრონის” საავტორო სატელევიზიო გადაცემები.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

ლიკა ბარბაქაძე:

– ჩვენი მიზანია, ,,ხალხური სიმღერიდან – მიუზიკლამდე” მსოფლიო ტურნე მოვაწყოთ.

– კონკურსები და ფესტივალები გიყვართ, თუ მხოლოდ რიგით კონცერტებში მონაწილეობთ?

ნინი მამულაშვილი:

– რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ კონცერტებში, ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ამას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ.

teatroni41

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რუსკა ტომარაძე:

– გვაქვს შემოთავაზებები, ერთ-ერთია ვინოტური “queen tamada”, რომელთანაც უკვე ვთანამშრომლობთ.

ხათუნა ჭაკნელიძე:

– ვმუშაობთ ახალ უცხოურ კრეატიულ-ექსპერიმენტალურ ალბომზე, რომელიც მალე ჩაიწერება და ასევე იგეგმება ახალი პროექტი, ფოლკროლის განხრით.