29 მაისი, 2016

“საუკუნის მკვლელობა” გორის დასახლებებში იქნება წარმოდგენილი

saukunis-mkvleloba1„ეროვნული იმპერატივი“ სპექტაკლით „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი უახლესი სცენიური ვერსიაა, გორის მუნიციპალიტეტის ორი დასახლების მაყურებლის წინაშე წარსდგება. 30 მაისს სპექტაკლი გაიმართება ხიდისთავში, ხოლო 31 მაისს ახალხიზში. წარმოდგენები 18 საათზე დაიწყება და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟით განხორციელდება.

სპექტაკლის წარმდგენია ”ეროვნული იმპერატივი” და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.ეს არის კონცეპტუალური დრამა ორ მოქმედებად, რომლის დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი სავანელია, რეჟისორი მაია ჯაფარიძე, კოსტიუმების მხატვარი მარიამ კალანდარია, დიზაინერ-კონსულტანტი თამარ ოქრუაშვილი.

წარმოდგენაში მონაწილეობენ გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, თამარ ლოლაშვილი, გიორგი სავანელი, თორნიკე ჩიხლაძე, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თამარ ადამია, გიორგი გურული და ცოტნე ხუბუტია.

“ეროვნული იმპერატივი” აგრძელებს პროექტს „თეატრი – საზოგადობის სოციო- კულტურული საზრისის ამაღლებისათვის“, რომელიც ითვალისწინებს თეატრალური სპექტაკლების წარმოდგენას იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც არ არის პროფესიული თეატრები და ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას ეზიაროს ხელოვნების ისეთ უნივერსალურ ჟანრს, როგორიც არის თეატრი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში კულტურისა და განათლების როლის პრიორიტეტულობის დამკვიდრებას და ხელოვნების ამ მიმართულების პოპულარიზაციას და მისადმი ინტერესის, მოთხოვნილების ზრდას.

უკვე დაგეგმილია ივნისის თვის საგასტროლო წარმოდგენებიც, რომლებიც გაიმართება გარდაბნის, ტყიბულის, თერჯოლისა და ვანის კულტურის ცენტრის სცენებზე ადგილობრივი მაყურებლისათვის.