28 მაისი, 2016

ქართველი მეცო სოპრანოს კონცერტი უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში“

ketevan-qemoklidze1მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა, უნიჭიერესმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ, რომელიც პარალელურად რომის ოპერაში დონიცეტის “ლინდა დინშამუნიში” მღერის, ბრამანტეს მიერ დაპროექტებულ უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში“ კონცერტი გამართა. საღამო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე მომღერალს აკომპანიმენტს უწევდა საოცარი პროფესიონალიზმით გამორჩეული პიანისტი, იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის მეუღლე, ეკა მეტრეველი.

კონცერტზე გაჟღერდა ქართველი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის არიები ოთარ თაქთაქიშვილის, ჯუზეპე ვერდის, დიმიტრი არაყიშვილის, ჯოაკინო როსინის, რევაზ ლაღიძისა და ფრანჩესკო ჩილეას ოპერებიდან.

kemo1

ღონისძიებას იტალიის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ბიზნესის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების, ასევე იტალიური პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კახა სიხარულიძემ. კონცერტის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული კერძები და ღვინო.

ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე ქართული ხატების გამოფენაც მოეწყო.