25 მაისი, 2016

ქართული კულტურის ესპანური აღიარება

lope-de-vegas1მადრიდში დიდი ესპანელი დრამატურგის, მწერალისა და ნოველისტის ლოპე დე ვეგასადმი მიძღვნილი გამოფენა ქართული ექსპოზიციით გაიხსნა, რომელიც ლოპე დე ვეგას ნაწარმოებების თეატრალურ ისტორიას ეძღვნება.

გამოფენა იმ ქართული ექსპონატებით იწყება, რომელთა ასლები ესპანელმა ორგანიზატორებმა საქართველოს ხელოვნების სასახლისაგან მიიღეს.

აქ გამოფენილია კოტე მარჯანიშვილის, სიდამონ ერისთავისა და ალექსანდრე იმედაშვილის პორტრეტები, ასევე წარმოდგენილია სპექტაკლ “ცხვრის წყარო”-ს ქართული აფიშები და ესკიზები.

მუზეუმის საექსპოზიციო სტენდებზე ნათქვამია, რომ ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა “ცხვრის წყარო” უდიდესი გავლენა იქონია იმ ეპოქის ესპანურ რეჟისურასა და დრამატურგიაზე, ამიტომ ლოპე დე ვეგას ესპანური სცენური სიცოცხლე დიდი ხანი მარჯანიშვილის რეჟისურის გავლენას განიცდიდა.

მადრიდშივე დაიბეჭდა ლოპე დე ვეგას შემოქმედების თეატრალური ისტორიისადმი მიძღვნილი დიდი მონოგრაფია, რომლის პირველი თავი კოტე მარჯანიშვილსა და ქართულ თეატრს ეძღვნება.

lope1

ხელოვნების სასახლის დელეგაცია მადრიდში ლოპე დე ვეგას სახლ-მუზეუმში დიდი ესპანელი დრამატურგის, მწერალისა და ნოველისტისადმი მიძღვნილ გამოფენას ეწვია. ქართულ დელეგაციას მუზეუმის ხელმძღვანელმა მარინა პრიეტო გარციამ უმასპინძლა. მუზეუმებს შორის კი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დაისახა.