11 მაისი, 2016

პანტომიმის თეატრი იუბილარია

pantomimis-teatris-ufaso-speqtaklebi1პანტომიმის თეატრი იუბილარია. 13 მაისს მისი დაარსებიდან 51 წელი სრულდება. საქართველოში პანტომიმის თეატრის დაფუძნება მაესტრო ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

1961 წელს ამირან შალიკაშვილმა ჩამოაყალიბა პანტომიმის ჯგუფი, რომელმაც 1965 წლის 13 მაისს ითამაშა პირველი სპექტაკლი „ესეც ასე“. ამავე წელს ამირან შალიკაშვილი შეხვდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ პანტომიმის ოსტატს მარსელ მარსოს.

1970 წლიდან ამირან შალიკაშვილი სათავეში ჩაუდგა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ პანტომიმის თეატრს, რომელიც სახელმწიფო თეატრად 1976 წლის იანვარში გადაკეთდა.

მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი სპექტაკლები: „ოცნება და სინამდვილე“, „პოემა ვაზზე“, „ქალის გატაცება ძველ საქართველოში“, „ტურფა“, „ქუჩის სურათები“, „უმუშევრების ბედი“, „ქალის ცხოვრება“, „მტრედები“, „ელექტრა“ და სხვა.

1971-1975 წლებში თეატრი იმყოფებოდა გასტროლებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში, დასმა სპექტაკლები ითამაშა 115 ქალაქში. მოიარა თურქეთი, გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი, სირია.

საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნებულმა თეატრმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მარსელ მარსოსგან 1973 წელს მოსკოვში საგასტროლო მოგზაურობის დროს:

„ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა, დასმა უკვე შეიმუშავა საკუთარი ხელწერა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში თეატრი დაიკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის“, – განაცხადა მარსელ მარსომ.

1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ამირან შალიკაშვილის წინადადებით გაიხსნა პანტომიმის ფაკულტეტი, რომელსაც გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს.

დღეს საქართველოს პანტომიმის ერთადერთ პროფესიონალურ თეატრს აქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი.

დიდი შემოქმედებითი პალიტრა გაიტანეს შალიკაშვილის აღზრდილმა მოწაფეებმა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

50 წლის შემოქმედებით გზაზე შალიკაშვილის აღზრდილმა, მისმა შვილმა გასულ წელს პირველად ჩაატარა „ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

წელს „ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი“ 20-24 მაისს გაიმართება.