12 მაისი, 2016

პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

pantomimis-festivali1ფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია!

20-24 მაისს “ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი 2016” გაიმართება.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთიდან, იაპონიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მოწვეული პანტომიმის მსახიობები.

20 მაისს ფესტივალი გაიხსნება დავით შალიკაშვილის სპექტაკლით “შექსპირის სონეტებით”. მოგეხსენებათ, 2016 წელი უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია და ამ ფაქტს პანტომიმის თეატრი ასე ეხმაურება. სპექტაკლის შემდეგ დაუკრავს DJ რემბო, რომელიც მაყურებელს სასიამოვნო გარემოს შეუქმნის გვიანობამდე, პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად.

21 მაისს – პოლონეთის “Physical Form Theater” წარმოადგენს სპექტაკლს “მხოლოდ შენ”. მსახიობები ჟოზეფ მარკოცკი და ბარბარა გადომსკა.

22 მაისს – შეხვედრა ამირან შალიკაშვილთან. 77 წლის მაესტრო ამირან შალიკაშვილი წარმოადგენს ხელების უნიკალურ პერფორმანსს, რომელიც პანტომიმის ხელოვნებაში მის მიერ იქნა შემოტანილი.

23 მაისს – კაბუკის თეატრის მსახიობი იაპონიიდან მაკოტო ინოუე, ითამაშებს მონო სპექტაკლს „რიჩარდი“, უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“-ს მიხედვით.

24 მაისს – აზერბაიჯანის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „უკანასკნელი შტრიხი“.

ფესტივალის ფარგლებში ისრაელიდან მოწვეული მსახიობი და რეჟისორი ოფერ ბლუმი, რომელიც მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია პანტომიმის თეატრის სტუდენტებისა და მსახიობებისთვის 22 მაისს გამართავს მასტერ კლასს პანტომიმის სახელმწიფო თეატრში.

საფესტივალო სპექტაკლები 20:00 საათზე გაიმართება.

pantomimis-festivali23