17 მაისი, 2016

ოპერის თეატრში მოსამართლეებმა იქეიფეს

1tbilisi-operaთბილისის განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში 100-მდე მოსამართლემ იქეიფა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერის წითელ დარბაზში სუფრა გაიშალა, სადაც მოსამართლეებმა ხინკლებით, მწვადებით, ღვინით და ლუდით მოილხინეს:

“ამ ქვეყანაში არც კულტურას და არც სასამართლოს, ისევე, როგორც ბევრ სხვა დარგს, რომ „დედა აღარ ჰყავს“ ეს ფაქტიც მოწმობს.

ოპერისა და ბალეტის თეატრში ირჟი კილიანის საღამოს შემდეგ, ოპერის წითელ დარბაზში ასამდე მოსამართლემ იქეიფა ხინკლებით, მწვადებით, ღვინით, ლუდით და ა.შ. ოპერის თეატრში! (სულ 300 ბილეთი ჰქონიათ ნაყიდი სასამართლოს წარმომადგენლებს).

ჯერ ერთი, რატომ უნდა მოგინდეს ოპერის თეატრში ქეიფი, ღრეობა და ხინკლის სუნად ოპერის შენობის აქოთება?! და ასეთი შეგნების მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმედზე უნდა ვიყოთ?!

მეორეც, ოპერის ხელმძღვანელობა რას აკეთებს? დუქანი ჰგონიათ ეს დაწესებულება თუ საკუთარი საკუთრება?! თუმცა, ეს პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც თეატრის ხელმძღვანელობა არამიზნობრივად იყენებს თეატრის შენობას (გახსნამდე „ვიღაცას“ ქორწილიც გადაუხდია შიგნით)!” – აცხადებს ინტერნეტმომხმარებელი სერგო ჩიხლაძე.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამუნა ჩიხლაძე:

“15 მაისს მოსამართლეთა ასოციაციამ იქირავა საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელი დარბაზი. 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართა საზეიმო მიღება მოსამართლის დღესთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ მოსამართლეთა კორპუსი. მიღებას არ ესწრებოდა მედია.”