ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. საქართველოს კულტურის პალატამ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ვარსკვლავი ჭადრაკის სასახლის წინ საზეიმოდ გახსნა.
ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავი 75-ე დაბადების დღეზე აჩუქეს. ჭადრაკის სასახლეში თავის მოიყარეს იუბილარის კოლეგებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და რიგითმა გულშემატკივრებმა.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
იუბილარი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ნონა გაფრინდაშვილმა 128 პარტია ჩაატარა.
ქართველ მოჭადრაკეს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი და 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.