20 მაისი, 2016

მოდი ღამე მუზეუმში!

game-muzeumshi1– მოდი ღამე მუზეუმში! – ამ მოწოდების ავტორი ხელოვნების სასახლეა, სადაც არაერთი უნიკალური ექსპონატია დაცული.

21 მაისს 23 საათზე ხელოვნების სასახლეში დაუვიწყარი დღესასწაული დაიწყება. სინათლის ულამაზეს შოუზე, მრავალსაუკუნოვანი სასახლის კედლებზე ღამის სიბნელეში მუზეუმში დაცული ექსპონატები ვირტუალურად ამოძრავდებიან, ამღერდებიან და მაყურებლის წინაშე აცეკვდებიან კიდეც.

მუზეუმში მისული საზოგადოება სასახლის კედლებზე წაიკითხავს შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატებს, ფრაზებს რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება!

“ასე რომ აუცილებლად მოდი ღამე მუზეუმში, შენ აქ საუკეთესო სანახაობა გელის!” – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი და ევროპული სკოლა.