7 მაისი, 2016

გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

giorgi-shengelaias-varskvlaviკინორეჟისორ გიორგი შენგელიას ვარსკვლავს გაუხსნიან.

რუსთაველის პრემიის ლაურეატს და საქართველოს სახალხო არტისტს 11 მაისს 79 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველი”-ს წინ გიორგი შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება. კინოთეატრის წინ უკვე გახსნილია მისი დედის, ნატო ვაჩნაძის და ძმის, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავები.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

,,ალავერდობა”, ,,ფიროსმანი”, “ვერის უბნის მელოდიები”, ,,სიყვარული ყველას უნდა”, “მაცი ხვიტია”, “ხარება და გოგია”, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, ,,მიდიოდა მატარებელი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში შექმნა.

გიორგი შენგელაია რეჟისორობის პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა როგორც მსახიობი და წლების განმავლობაში იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მსახიობი.

გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და პრემია. მათ შორის, ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი, იტალიაში ბერგამოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი” და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“, დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი.