20 მაისი, 2016

დაპირისპირება ოპერისა და ბალეტის თეატრში

1ganaxlebuli-operaოპერისა და ბალეტის თეატრში დაპირისპირებაა. თეატრის გუნდი სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს უპირისპირდება.

დაპირისპირების მიზეზი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა.

გუნდის წევრების განმარტებით, 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მათ თავიდან ჰონორარს დაპირდნენ, თუმცა მოგვიანებით დავით კინწურაშვილმა განუცხადა, რომ ჰონორარის გარეშე უნდა ემღერათ.

აქციაში მონაწილეების განცხადებით, დავით კინწურაშვილი მათ დაემუქრა, რომ ინფორმაციას მიაწვდიდა კულტურის სამინისტროს და პრემიერ მინისტრს.

გუნდის წევრებმა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს.

“ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელმა დაგვაშინა და დაგვაშანტაჟა პრემიერ მინისტრის სახელით. ის ითხოვდა, რომ ხელმოწერით დაგვეფიქსირებინა, თითქოს ვაპროტესტებდით 26 მაისის ღონისძიებას. თავიდან საუბარი იყო ჰონორარზე, მაგრამ როდესაც ვიკითხეთ, რატომ აღარ საუბრობდნენ ბოლო პერიოდში ფულზე, ის წავიდა სამინისტროში და მოახსენა, თითქოს გუნდი არის 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის წინააღმდეგი იმის გამო, რომ ჩვენ ფულს არ გვიხდიან, რაც არის სიცრუე.

ჩვენ არაერთი ღონისძიება გვიმღერია და ვიმღერებთ უფასოდ, საქმე ფულში არ არის. ჩვენ გვინდა ჩვენს მიერ არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი ნორმალურად იყოს განწყობილი გუნდის მიმართ და არ გვინდა ზეწოლა და აგრესია. რაც მთავარია, ჩვენ უარი არასდროს განგვიცხადებია 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.