6 მაისი, 2016

ახალი ბრალდებები კულტურის სამინისტროს

kult3კულტურის სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის მიხეილ გიორგაძის მისამართით ბრალდებების ახალი ტალღა გაჩნდა. მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მიზანმიმართულ კამპანიას წააგავს და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უწყების მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესსა და სავარაუდო კორუფციაზე 40 გვერდიანი კვლევა მოამზადა. ეს არის სპეციალური ანგარიში, რომელიც კულტურის სამინისტროს ხარჯებს უკავშირდება. 2.500.000-მდე ლარი არის თანხა, რომელიც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამარტივებული ან პირდაპირი დაფინანსების გზით მიიღეს. საუბარია პერიოდზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნიდან დღემდე.

ანგარიშში მთავარი აქცენტი კეთდება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაცემულ საბიუჯეტო თანხებზე, მათ შორის ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაზე. როგორც ანგარიშში წერია, ჯაზ-ფესტივალების ჩასატარებლად სახელმწიფო დაფინანსების წილი დაუსაბუთებლად მაღალია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, მიხეილ გიორგაძე, დავით მენაბდე და კახი კანდელაკი 10 ორგანიზაციასთან და კომპანიასთან პირდაპირი გზით ხელშეკრულებებს აფორმებენ და ტენდერის გარეშე სხვადასხვა დაფინანსებას გასცემენ. დოკუმენტში ასევე საუბარია სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ ბიზნესპარტნიორებზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის შესაძლო ფაქტებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას სპეციალური განცხადებით პასუხობს კულტურის სამინისტრო:

”გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა.

კვლევა, რომელიც სათაურშივე ვარაუდზეა აგებული, შეიცავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს.

სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4 თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა.

სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და პროაქტიულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება.”