6 მაისი, 2016

“ვეფხისტყაოსნის” 503 გამოცემა ერთად

vefxistyaosnis-katalogi12016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამ მოვლენის აღნიშვნა საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით იგეგმება.

შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზე უზომოდ შეყვარებული ლევან თაქთაქიშვილი “ვეფხისტყაოსანის” გამოცემების კოლექციონერია. შოთა რუსთაველის იუბილეს ის სპეციალური კატალოგის გამოცემით აღნიშნავს.

ლევან თაქთაქიშვილი:

“ხვალ გეპატიჟებით ჩემი და ჩემნაირი ვეფხისტყაოსანზე შეყვარებული კაცის, მამუკა ჩხეიძის მიერ შექმნილი კატალოგის პრეზენტაციაზე. რა არის ეს კატალოგი და რით არის საინტერესო?
ეს არის “ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა სრული ბიბლიოგრაფია, ანუ ვეფხისტყაოსნის ყველა გამოცემის აღწერილობა, ილუსტრაციებად დართული აქვს გამოცემათა სატიტულე და ყდის ფოტოები, საძიებლებით. მითითებულია ტირაჟიც და მისი ნაირსახეობებიც, პატარა ისტორიებით. კატალოგის მეშვეობით თქვენ ნანახი გექნებათ ყველა გამოცემა, არცერთ ბიბლიოთეკაში ასეთი სისრულით არ არის დაცული, გეცოდინებათ,რამდენად იშვიათ ვეფხისტყაოსანს ფლობთ, გაარკვევთ, რომელი ილუსტრატორი არის ყველაზე მეტად პოპულარული, რომელ ქვეყანაში რომელი ილუსტრატორი უყვართ, ვეფხისტყაოსნის გამომცემელთა შორის ვინ გამოსცა ყველაზე ბევრი გამოცემა ვეფხისტყაოსნისა, რომელი რედაქცია დაიბეჭდა ყველაზე მეტი.

გამოცემაში შეტანილია ისეთი გამოცემებიც, რომელთა ტირაჟი 50 ცალზე ნაკლებია, კატალოგი მაღაზიაში არ გაიყიდება, იგი სულ 300 ცალი დაიბეჭდა მერიის ხელშეწყობით, ასე რომ პრეზენტაციის მერე ვერაფერს გიშველით. რაც ვიცოდით და რასაც ვარკვევდით, ამ წიგნში ჩავაქსოვეთ, გამომცემლობა სეზანმა რაც შეეძლო, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შემოგვთავაზა, ასეთი გამოცემა შექსპირსაც შეშურდებოდა თავისი ბიბლიოგრაფიის დაბეჭდვის თვალსაზრისით. ჯერი თქვენზეა.

ეს მარტო ჩვენი პრეზენტაციის დღე არ არის, ესაა ვეფხისტყაოსნის ყველა ჭირისუფლის: რედაქტორის, გამომცემლის, ილუსტრატორის დღე. დავაფასოთ.. ხვალ ვეფხისტყაოსანს ვადიდებთ 18 საათიდან. პოემის 503 გამოცემა გელით ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთი სიურპრიზიც… რა? მობრძანდით და ნახავთ!”