30 მაისი, 2016

ეკატერინე ტოგონიძის საჩუქარი მკითხველს

ekaterine130 მაისს, 19:30 საათზე სასტუმრო რუმსში ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება გაიმართება. ორივე კრებული ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. საღამოს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვება.

ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურულ ტექსტებს აერთიანებს მწვავე სოციალური თემატიკა. თანამედროვე სამყაროს პრობლემების სიღრმისეული ანალიზი ისეთ ხელშესახებ შრეებამდეა დაყვანილი, რომ მკითხველს ყველა ამბავს საკუთარ თავგადასავლად აღაქმევინებს. პროფესიით ჟურნალისტი 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და დილის გადაცემა „ალიონის“ წამყვანად მუშაობდა.

მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე, შესულია არაერთ კრებულში და მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია, მათ შორის „საბა”. ამ ეტაპზე გამოცემულია ეკატერინე ტოგონიძის 4 წიგნი.

პრეზენტაციაზე მისულ მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს წიგნების აუდიოვერსიებსაც.
ამავე საღამოზე შედგება სოციალური პროექტის “მომისმინე” პრეზენტაცია.

ლიტერატურას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, თუ ის ადამიანებზე მოგვითხრობს და მათთვის იქმნება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ადამიანების, ყველაზე დიდი უმცირესობის წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერაა.

1ekaterine

სხვადასხვა სოციალური საქმიანობა, რომელიც მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოს”, არასამთავრობო ორგანიზაციების „ყოველი მეათე ჩვენგანი“ და „ვიმეგობროთ” ორგანიზებით დაიგეგმა, ერთ დიდ პროექტად იქცა და ითვალისწინებს:

აუდიოწიგნების შექმნას და საჩუქრად გადაცემას უსინათლო და მცირემხედველ მკითხველთათვის;

უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საჩუქრად ყურსასმენების გადაცემას;

ქართულ-ამერკული უნივერსიტეტის GAU სასწავლო ვაუჩერების გადაცემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის;

ინკლუზიურ ექსკურსიას შატო მუხრანში;

თვალის უფასო გამოკვლევას უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის;

სემინარის ორგანიზებას შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემებზე და გამოწვევებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. მსახიობები წარადგენენ ეკატერინე ტოგონიძის წიგნების მიხედვით შექმნილ ეტიუდებს.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძე & ბენდი.

კალიგრაფები მსურველებს სანიშნეებსა და ღია ბარათებზე გაუკეთებენ სამახსოვრო წარწერებს.
ღონისძიება გაიმართება ყველასთვის მისაწვდომ გარემოში. უზრუნველყოფილია სურდო თარგმანი.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.