Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნაცემი რეჟისორის პირველი კომენტარი მომხდართან დაკავშირებით

sandrooo1მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორის სანდრო ელოშვილის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მსახიობმა გია როინიშვილმა გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი თავად რეჟისორმა გააკეთა.

სანდრო ელოშვილი:

“მეგობრებო, ამხანაგებო, კარგო ადამიანებო, ღმერთია მოწამე ყველაფერს ღიმილით ვუპასუხე და არ მინდოდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ როგორც ვხედავ სხვა გზა არ არის.

ჯერ მოკლედ გეტყვით რა მოხდა. იყო სპექტაკლის ბანკეტი, რესტორანში რამოდენიმე მაგიდა იყო. ტრადიციულად დაიწყო რუსული სიმღერები, ვიყავი ახალ მისული, შესაბამისად ფხიზელი და ასეთ მდგომარეობაში ვთხოვე იმ რამოდენიმე მაგიდას და მუსიკოსებს რომ თუ შეიძლება დღეს მაინც თავი შევიკავოთ რუსული სიმღერებისგან მეთქი, რაშიც ყველა დამეთანხმა და ასე გაგრძელდა სუფრის ბოლომდე. ბოლოს დავრჩით რამოდენიმე ადამიანი. ვგეგმავდით სხვაგან გაგრძელებას და შესაბამისად დარჩენილი სასმელ–საჭმელი მომსახურე პერსონალმა მომცა და მე გარეთ გამოვიტანე. შემდეგ შევბრუნდი რესტორანში, რადგან ჩემი მეგობრები არ გამოდიოდნენ გარეთ. რომ შევედი უკვე იყო მუსიკოსებთან რაღაც დაძაბული საუბრები ერთ–ერთი ჩვენი სუფრის წევრის მხრიდან, რომლის სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რაშიც რა თქმა უნდა აქტიურად ჩავერთე. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, გამოვედით გარეთ, რესტორნის ეზოში. სადაც დაგვხვდა კერძო დაცვის სამსახური და პირნათლად აღასრულეს საკუთარი მოვალეობა.

არაფერი გამიკეთებია იმის გამო რომ ვინმეს ამაზე ესაუბრა და გადაქცეულიყო ეს ამდენი ადამიანის სალაპარაკოდ. არც გემოვნებიანი და უგემოვნებო რუსული მუსიკა მიხსენებია. უბრალოდ ვითხოვე რომ რუსული სიმღერების სმენისგან თავი შეგვეკავებინა. ამას რაც გინდათ ის დაუძახეთ, გინდა “დათვრა და გაკაცდა” გინდა “ვაი პატრიოტი”, ვინც მიცნობს იცის რომ არავინ დედამიწის ზურგზე უფრო დიდ მტრად არ მიმაჩნია ქართველი ერის, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, საკუთარი მიზნებით და გეგმებით ქართული სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად ვერ ვიტყვი რომ სხვა დროს სხვანაირად მოვიქცევი, ალბათ იგივეს ვიზამ და ალბათ ასევე იგივეს იზამს კერძო დაცვის სამსახურიც, რომლის მოვალეობებში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ალბათ უფლება აქვთ რესტორნის სიმშვიდე დაიცვან ნებისმიერი გზით.

თუ ჩხუბის ყურება გინდათ, აგერ პარლამენტშია მაგარი ჩხუბი და უფრო საინტერესოა ვიდრე ჩემი გაძუყვნა.

რასაც გინდათ იმას უსმინეთ, გნებავთ ჯონ კოლტრეინს, გნებავთ კოლია ბელდის…

რაც შეეხება პრესას: გეპატიჟებით სპექტაკლზე, ნახეთ და დაწერეთ რომ მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ცუდი სპექტაკლი დადგა, ან კარგი ან რა ვიცი რაც გინდათ ის…
ყოველ დღე, ყველა რესტორანში ერთი ჩხუბი მაინც ხდება, ხან რეჟისორი ჩხუბობს, ხან სპორტსმენი და ხან პროფესორი…

რა ნახეთ ამაში ასეთი საინტერესო?

კიდევ ერთხელ ვამბობ მარტო არ ვყოფილვარ, არ გამოდის ჩემგან შალვა ახალციხელი, სხვა ადამიანებიც იყვნენ იქ და ის უფრო საწყენი მგონია რომ ასაკით ბევრად უფროსს, საპატიო, ცნობად და კარგ ადამიანებს ურტყეს, თორემ 28 წლის კაცს კი უნდა მოგხვდეს ხანდახან ფორმაში რომ იყო.

მოკლედ არც ვამაყობ ჩემი საქციელით და არც ვნანობ.

იმ ხალხსაც ჰკითხეთ აზრი, იქნებ მართლები არიან და საერთოდ დასაჭერები ვართ?! …იმასაც ბრალი ექნება, უწყალოდ ხმლით დაჭრილისა…”