Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლეგენდარული მარის ლიეპას ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში

liepa1„ნახტომი მარადისობაში“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ცნობილი მოცეკვავის მარის ლიეპას 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიციას 10 მაისს, 20 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს.

XX საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების გამოფენა თბილისში მერიის ორგანიზებითა და ანსამბლ „გეორგიკას“ მონაწილეობით გაიხსნება.

მარის ლიეპა მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და მსოფლიოს ქორეოგრაფიული საზოგადოებების არაერთი პრიზის მფლობელია. ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ორდენი მის ცხოვრებაში იყო ხალხთა მეგობრობის ორდენი.

საქართველოში, ვახტანგ ჭაბუკიანის სამშობლოში, ეთაყვანებოდნენ მის მიერ განსახიერებულ როლებს სცენაზე, უყვარდათ მისი კინოგმირები და რაც მთავარია, ემადლიერებოდნენ ულამაზესი და წარმატებული დუეტის ნინო ანანიაშვილი – ანდრის ლიეპას შექმნის გამო.

ვირტუოზი შემოქმედი ვირტუოზული დინასტიის ფუძემდებელიც აღმოჩნდა, მისმა შვილებმა ილზემ და ანდრისმა, გააგრძელეს და გაამრავლეს მამის დაწყებული საქმეები, ისინი მარის ლიეპას მიერ სცენაზე თუ ცხოვრებაში დამკვიდრებული რაფინირებული და გამორჩეული სტილის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ, ბრწყინავდნენ მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე და სცენის მიღმაც მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო მოღვაწეობას აგრძელებენ. მარის ლიეპას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება ამის კიდევ ერთი მაგალითია. ფონდი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ხელოვნების ხელშეწყობას ემსახურება. ამ წლების მანძილზე ლიეპების ფონდმა არაერთი სასიკეთო და საინტერესო პროექტი განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, რასაკვირველია, საქართველოშიც.

ილზე ლიეპას შესანიშნავი „თეატრალური ზღაპრები“ ჯერ ქართულად ითარგმნა და მერე გამოვიდა მშობლიურ ლატვიურ ენაზე რიგაში, ანდრის ლიეპა კი იყო პირველი მოწვეული ქორეოგრაფი, რომელმაც განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა იგორ სტრავინსკის ბალეტის „ფასკუნჯი“ დადგმა. გასაკვირი არ არის, რომ წელს მარის ლიეპას საიბულეო ღონისძიებები სწორედ თბილისში იღებს სათავეს.

ხელოვნების სასახლეში დაგეგმილი გამოფენაც ეძღვნება გამორჩეული ხელოვანის 80 წლის იუბილეს და ეწყობა თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, კონოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის – ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში და ქართული ანსამბლის „გეროგიკას“ მონაწილეობით, რომელიც მარის ლიეპას შვილებთან ილზე და ანდრის ლიეპებთან ერთად, საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს.

მარის ლიეპას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში ერთი კვირა გაგრძელდება.