“ზიტა და გიტას” ვარსკვლავი საპატრიარქოში დააჯილდოვეს

indoeli-varskvlavi1ცნობილი ინდური ფილმის ,,ზიტა და გიტას“ ვარსკვლავი ჰემა მალინი საპატრიარქოში დააჯილდოვეს.

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ინდოეთის ვარსკვლავი საპატრიარქოში მიიღო.

ჰემა მალინის ქველმოქმედებისთვის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა საპატიო ჯილდო გადასცა – მინანქრის გულსაკიდი, რომელსაც გულის ფორმა აქვს. როგორც ინდოელმა მსახიობმა განაცხადა, ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულია.

“მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ქვეყანაა. ქვეყნის წინაშე ვყელას თანაბარი პასუხისმგებლობა გვაქვს. პირადად ჩართული ვარ პოლიტიკაშიც და ინდოეთის მთავარი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე გახლავართ. პოლიტიკა არის ზუსტი პლატფორმა იმისთვის, რომ გაიგო, რა სურს შენს ხალხს. მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, თუკი ჩემი თანადგომა საჭირო იქნება, ჩავერთო საქველმოქმედო ღონისძიებებში და კულტურის პალატასთან თანამშრომლობით შევიტანო წვლილი ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენაში,” – განაცხადა ჰემა მალინიმ.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ჰემა მალინი დაეხმარება პალატის შვილობილს ლუკა ჩხარტიშვილს, რომელსაც რამდენიმე უმძიმესი დაავადება აქვს.

ინდოელი მსახიობი საქართველოს პატრიარქმაც დაასაჩუქრა. ილია მეორემ მას ნახატი, პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლების დისკი და ეპისტოლეების კრებული ინგლისურად.

indoeli.123jpg

როგორც მისმა უწმინდესობამ განაცხადა, ინდოეთში ნამყოფია და ის დრო ყოველთვის კარგად ახსენდება:

“საქართველოს ძალიან უყვარს ინდოეთი. ორჯერ ნამყოფი ვარ ინდოეთში. შეხვედრა მქონდა ინდირა განდთან, პრეზიდენტთან. ვიყავით შტატ კერალაში. იქ მართლმადიდებელი ეკლესიაა. თქვენ ძალიან ცნობილი ბრძანდებით მთელ მსოფლიოში და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით“, – განაცხადა ილია მეორემ.

ჰემა მალინიმ სურვილი გამოთქვა, კიდევ ერთხელ იხილოს საქართველოს პატრიარქი ინდოეთში. ილია მეორის თხოვნით, მსახიობმა ინდური ცეკვა შეასრულა და ცეკვის თითოეული ილეთის მნიშვნელობაც განმარტა.

შეხვედრის დასასრულს ჰემა მალინიმ მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება.