Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი პიესა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ

ilia-chavchavadzis-mkvleloba1„საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ – ეს არის ახალი პიესა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. იგი შეიქმნა ექსკლუზიურად „ეროვნული იმპერატივის“ თეატრალური პროექტისათვის და მის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, დღესაც გადის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე. ამჯამად, კი იგეგმება ამ ნაწარმოების წიგნად გამოცემა.

გამომცემლობა „შემეცნება“ დაინტერესდა ნაწარმოებით და მის გამოცემაზე მუშაობა დაწყებულია.

პიესის ავტორი გიორგი სავანელი, ნაწარმოების შექმნის იდეასთან დაკავშირებით, ამბობს:

„ჩვენი მიზანი იყო, ამ პიესით ილია ჭავჭავაძე თავისი იდეებითა და მოღვაწეობით ქართულ ლიტერატურაში შემდგარიყო, როგორც სრულყოფილი მხატვრული პერსონაჟი… საბჭოთა პოლიტკონიუქტურის გარეშე. ასევე, ილიას ისტორია ბიოგრაფიული და ისტორიული დრამის ჩარჩოებს გასცდენოდა და დამორჩილებოდა კონცეპტუალიზმის პრინციპებს. ამისათვის პიესაში გამოყენებულია „ეპიკური თეატრისათვის“, ან თუ გნებავთ „ეპიკური დრამისათვის“ დამახასიათებელი ელემენტებიც. პიესაში, რიგ შემთხვევებში, მიზანმიმართულად არ არის დაცული ისტორიული ფაქტებისა თუ თარიღების ქრონოლოგიათა სიზუსტე, რადგან ჩვენთვის უპირატესი იყო მიგვეღწია მხატვრული სიმართლისათვის. პიესა არ შეიქმნებოდა, რომ არა „ეროვნული იმპერატივის“ გუნდის განუზომელი მხარდაჭერა და თანამონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მსახიობებს ქეთევან შერვაშიძეს, გიორგი იარაჯულს, თორნიკე ჩიხლაძეს, თამარ ადამიას, გიორგი გურულს, თეკა კოხრეიძეს, ანა ლორთქიფანიძეს.

პიესის მოქმედების არეალი მოიცავს პეტერბურგის უნვერსიტეტიდან დაბრუნებული ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს 1907 წლის 30 აგვისტომდე, მისი მკვლელობის დღემდე.

„ბედისწერის ჩარხი დაძრულია!.. ილია „საშიშია“ თავისი იდეებით საქართველოს ხელში ჩაგდების მსურველთათვის – ეს იქნება პოლიტიკური პარტია თუ ძირგამომპალი იმპერია…
სამშობლოზე ზრუნვისა და სიყვარულისათვის განაჩენი გამოტანილია… და გზას 1907-ის სისხლიან 30 აგვისტომდე მივყავართ… როცა სიცოცხლე მსხვერპლადაა მიტანილი სამშობლოს და საკუთარი ერის სიყვარულის საკურთხეველზე… როცა ვიღაცისათვის „ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა“… როცა „მთელ საქართველოში გუგუნებენ სამრეკლოები, საიდანაც ჯერ კიდევ არ ჩამოხსნილა ზარები იმპერიის ზარბაზნებისათვის…“ როცა სიკვდილი მეხივით გავარდება სამშობლოს ცაზე… მაშინ პიროვნების ტრაგედია ერის ტრაგედიად გადაიქცევა!

მკითხველის წინ ჩაიქროლებს XIX საუკუნის ბოლო ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქარტეხილები, უახლესი დეტალებით… ნაწარმოებში ცოცხლდებიან ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და იაკობ გოგებაშვილი, არტურ ლაისტი, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ჭიჭინაძე… ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე, რაფიელ ერისთავი და მარიამ ორბელიანი… პიესაში არისტოტელესეული თეატრალური ფორმა ერწყმის „ეპიკური დრამის“ ხერხს… და, სადაც მთავარი სათქმელი ილიას დაჭრილი გულიდან ამოსული ხმით ღაღადებს: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს“!

პიესის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ ფართო მკითხველისათვის წარდგინება მაისის ბოლოს იგეგმება, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.